myrights.ge
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ერაყის მოქალაქე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი ბიჭი მოტყუებით მიიყვანა, შემდეგ ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
მომხდარის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ამ ქუჩის მცხოვრებლებმა უამბეს. "დილის 8 საათი იქნებოდა, კარზე ბრახუნის ხმა გავიგეთ. გავაღეთ კარი, ატყდა წივილ-კივილი, იყო 15-16 წლის მოზარდი ბიჭი, თითქმის შიშველი, პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და შველას ითხოვდა. რამდენიმე წუთში გაურკვეველი წარმომავლობის უცხოელიც მოვიდა და ბავშვის გაყვანას ითხოვდა, თუმცა არ გავატანეთ. რის შემდეგაც ერთ-ერთმა უცხოელმა ბავშვს ტანსაცმელი მიუტანა. როგორც მოზარდმა გვითხრა, მისი გაუპატიურების მცდელობა იყო. მან თქვა, რომ სამი უცხოელი იყო და მოტყუებით გამოეპარა მათ. ჩვენ პატრული გამოვიძახეთ, საპატრულო პოლიციის მოსვლამდე ისინი გაიქცნენ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
მისივე ინფორმაციით, მოზარდმა მას უთხრა, რომ თავად "გლდანის გამანაწილებელში" ცხვორობს, ხოლო უცხოელებს იმიტომ გაჰყვა, რომ სიგარეტს და საკვებს დაპირდნენ.