myrights.ge
რუსთავის თვითმმართველობის მოსაკრებლების სამსახურმა მძღოლების დაჯარიმება დაიწყო, რომლებიც ქალაქში უნებართვოდ გადაადგილდებიან. ეს ის ადამიანების არიან, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსთავი-თბილისის ხაზზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების გაუქმების მოთხოვნით აქციებს მართავენ.
მძღოლები აცხადებენ, რომ ზედამხედველობის სამსახურს ჯარიმის გამოწერის უფლება არ ჰქონდა და ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. მძღოლების ადვოკატი რევაზ რიჟამაძე კი სააგენტო „ნიუსდეისთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს:
"მოსაკრებლების სამსახურმა ჩვენი ერთ-ერთი მძღოლი, გოგიტა ბიბიაშვილი იმისთვის დააჯარიმა, რომ ის თითქოს მგზავრთა რეგულარულ გადაყვანას ნებართვის გარეშე ეწეოდა. ვაცხადებ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ნებართვები ძალაშია, ისინი არავის არ გაუუქმებია და, შესაბამისად, ეს დაჯარიმება არის უკანონო! რამდენ ჯარიმასაც დაწერენ, იმდენს გავასაჩივრებთ სასამართლოში! ჩემი ღრმა რწმენით, მოსამართლე ამას გააუქმებს და არავინ ამ ჯარიმას არ გადაიხდის! მძღოლებს ნებართვები 2012 წლის იანვრიდან აქვთ. ეს მერიაში ჰგონიათ, რომ შეუწყდათ, მაგრამ იურიდიულად არ შეწყვეტიათ. რა არის ჩემი იურიდიული ბერკეტები ამ დავაში, ჩემი კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გაგიმხელთ, რათა შემდეგ ამით არ ისარგებლოს მოწინააღმდეგე მხარემ. ჩვენ ვმუშაობთ, მუშაობას გავაგრძელებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე".
ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ ზედამხედველობის სამსახურში. მათი თქმით, მათ გაფრთხილება მძღოლებს ჯერ კიდევ პარასკევს მისცეს.