myrights.ge
სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს ბრალდებულების მიმართ არსათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
– 2014 წლის 2 მაისს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შეხვდნენ და ესაუბრნენ ბრალდებულ გ.წ.-სა და გ.ა.-ს.
ბრალდებულების განმარტებით, ისინი 2014 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავებისას და დაკავების შემდგომ მათ მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა, რაც არაერთგზის ფიზიკურ ძალადობაში გამოიხატა. ბრალდებულთა ახსნა-განმარტებების მიხედვით, დაკავების შემდეგ ისინი გადაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს VIII განყოფილებაში, სადაც მათ მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსმა და სამმართველოს სხვა თანამშრომლებმა განახორციელეს.
სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას, ბრალდებულ გ.წ.-ს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები სახის, თავისა და კისრის არეში, ხოლო გ.ა.-ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალზე, მრავლობითი დაზიანებები ზურგის, მკლავების, მაჯების, მუხლების, კისრისა და მუცლის მიდამოებში.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველმა მოქალაქე გ.წ.-სა და მოქალაქე გ.ა-ს მიმართ სამართალდამცავი პირების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურორს მიმართა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სამართალდამცავი პირების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენას ეხება, განსაკუთრებულ ყურადღებას, სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს“.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდში ომბუდსმენს განცხადებებით მიმართეს მოქალაქეებმა, რომლებიც პოლიციის მხრიდან დაკავების დროს არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ. კერძოდ, 2013 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული იყო 16533 პირი, აქედან დაზიანება აღენიშნებოდა 7095–ს და მათგან, 359 პირის გადმოცემით, დაზიანება დაკავებისას ან დაკავების შემდეგ მიიღეს. აღნიშნულ პირთაგან პოლიციის მიმართ პრეტენზიას აფიქსირებდა 111 პირი, რაც შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას ეცნობა.