myrights.ge
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, ვაკის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა და მათ ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი პირადად მიულოცა. ვეტერანებთან შეხვედრაზე პრემიერი კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ერთად მივიდა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფაშიზმზე გამარჯვების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნა კაცობრიობა ფაშიზმისგან:
„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს!
განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს!
9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა. ეს იმ გმირების დღეა, რომლებმაც თავი დადეს ამ ბრძოლაში და მათი, ვინც გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში. ამ ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლისა და უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან.
ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ იმით, რომ საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში. ჩვენი ქვეყნის შვილებმა თავგანწირულად იომეს - საქართველოდან წასული 300 ათასამდე მებრძოლი გმირულად დაეცა ამ ბრძოლაში.
მინდა პატივი მივაგო გმირებს - ცოცხლებსა და დაღუპულებს, ცნობილებსა და უცნობებს, რომელთა საფლავებიც საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე დარჩა. ქედს ვიხრი მათი ხსოვნისა და უკვდავი სახელების წინაშე.
კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს კი ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა“.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალზე ვეტერანთა წინაშე.
„თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია და პრეტენზია, რომ გავხდეთ თანამედროვე სახელმწიფო, ვეტერანებზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენი მთავრობა შესაძლებობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რომ ვეტერანების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. 69-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩვენმა მთავრობამ გამოყო 400-ლარიანი დახმარება ვეტერანებისთვის და 200-ლარიანი დახმარება მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის. ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ვცდილობთ, რომ მათი მდგომარეობა გახდეს უკეთესი. ჩვენი ვალია, რომ მათი ჯანდაცვა იყოს უფრო მაღალი ხარისხის და იცით, რომ ამოქმედდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურებას 100%-ით ფარავს“, - აღნიშნა პრემიერმა.