myrights.ge
კოალიციამ „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ მოსახლეობას ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებად ლევან ასათიანი და ინგა ახვლედიანი წარუდგინა.
კოალიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა:
„ჩვენ მიერ ვაკის რაიონში წარდგენილ კანდიდატებს, ბატონ ლევან ასათიანსა და ინგა ახვლედიანს, კარგად იცნობს ამ უბნის მოსახლეობა. ინგა ახვლედიანის აწგარდაცვლილი მეუღლე, ბატონი ზაზა ღლონტი თავდაუზოგავად იბრძოდა ყოფილი ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ 2009 წელს, იგი ჩვენ გვერდით იდგა 2011 წლის 26 მაისსაც და სწორედ ამ ბრძოლას შეეწირა.
ჩვენი კოალიცია კანდიდატებს ყოველთვის არჩევს პროფესიონალიზმის, წესიერების, სამშობლოს სიყვარულის ნიშნით. ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატიც ამ ნიშნით გვყავდა შერჩეული და არა ვინმეს ხათრით. დარწმუნებულნი ვართ, არცერთი ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, არც ერთ თეთრს ბიუჯეტიდან არამიზნობრივად არ დახარჯავს.
რაც შეეხება შანსებს, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ არა ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენების ფაქტები, რომ არა ის უსამართლო გარემო, რომელიც არსებობს, საერთოდ შანსებზე ლაპარაკი სასაცილოც კი იქნებოდა. მაგრამ ამ სიტუაციაში, როგორც მინიმუმ, ჩვენს კანდიდატებს ნამდვილად აქვთ მეორე ტურში გასვლის შანსი და მე დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი შემოხაზავს ნომერ 3-ს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, მე მიმაჩნია სამარცხვინოდ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საერთოდ არსებობს როგორც პოლიტიკური ძალა, იმ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვიხილეთ. ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს საერთოდ აუკრძალავდა ხელისუფლებაში ყოფნას. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაარჩინოს.“
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კოალიციის მიერ დასახელებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ:
„დღეს ვაკის რაიონში ჩვენს კოალიციას წარმოდგენილი ჰყავს ორი ღირსეული კანდიდატი, ბატონი ლევან ასათიანი და ქალბატონი ინგა ახვლედიანი. ჩვენ მოვუწოდებთ ვაკის რაიონის ამომრჩევლებს, თუკი უნდათ რეალური ცვლილელები დაიწყოს ქართულ პოლიტიკაში, შემოხაზონ ნომერი 3 და ამით მხარი დაუჭირონ ჩვენს კოალიციას.
მე მინდა კიდევ ერთხელ განვახცხადო, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ, რა თქმა უნდა, ადამიანური თანაგრძნობა და მოქალაქობრივი სოლიდარობა გამაჩნია, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენი პროგრამული დებულელებიდან გამომდინარე, რომელიც სისტემურ ცვლილებებს ითვალისწინებს, ჩვენს კანდიდატებს ალტერნატივა არ ეყოლებათ.“