მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი პროკურატურა „რუსთავი-2“-ის საქმეზე შუალედურ შედეგებს აქვეყნებს - 10 მაისი 2014

ნიკა გვარამია: ჯოჯოხეთს მოგიწყობთ

myrights.ge

მთავარი პროკურატურა „რუსთავი 2-ში“ აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შუალედურ მასალებს აქვეყნებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

– როგორც მოგეხსენებათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მომხდარი პირადი საუბრების შესაძლო ჩაწერა-მიყურადების ფაქტზე 2014 წლის 6 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ გადაწყვიტა მოახდინოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მომხდარი პირადი საუბრის შესაძლო ჩაწერა-მიყურადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების განსაჯაროება და გვსურს გაცნობოთ მნიშვნელოვანი დეტალი.   

2014 წლის 8 მაისს, მთავარ პროკურატურას მიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომლის განცხადებითაც იგი სამსახურიდან 7 მაისს, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს, მან გამოძიებას მისცა ჩვენება და მიაწოდა ტელეკომპანიაში არსებული უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც  დროის გარკვეულ მონაკვეთში სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, მეტალის გასაშლელი კიბის თანხლებით სამუშაოებს აწარმოებდნენ ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებშიც, რამაც მასში ეჭვი გამოიწვია, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ მან, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა არაფერი იცოდა.

მისივე ჩვენებით, ამ დღის შემდეგ იგი დაინტერესდა ხსენებული პირების ვიზიტის შედეგებით, რა დროსაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი სამუშაო კაბინეტის ჭერში აღმოაჩინა ფარული აუდიო-ვიდეო მოწყობილობის მონტაჟის კვალი. აღნიშნულის შესახებ მან დაუყონებლივ აცნობა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ამ საკითხზე არ ენერვიულა, ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა საკუთარი სამსახურებრივი საქმიანობა და ზედმეტი ინიციატივები არ გამოეჩინა.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მან სცადა ნიკოლოზ გვარამიასთან გასაუბრება, რასაც ვერ მიაღწია და შედეგად გაათავისუფლეს თანამდებობიდან და დაატოვებინეს სამუშაო ოთახი.

ასევე, გვინდა გაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც გამოძიებას უარი განუცხადა დაეფიქსირებინა მის მიერ განსაჯაროებული ფარული ჩანაწერების წყარო, რაც გამოძიებისათვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან დეტალს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში გრძელდება ინტენსიური გამოძიება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, რომლის მიმდინარეობის შესახებ  საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული.

აქვე, გვსურს განვასაჯაროოთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სათვალთავლო კამერის მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ვიდეოკადრები  და მოწმეთა ჩვენებები (ჩვენება 1; ჩვენება 2).

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობას და იმ ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას დაჰპირდა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ მაღალჩინოსნებს გადაუღო. როგორც გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას ეჭვი ჰქონდა, რომ მათთან დაკავშირებული  ჩანაწერები კეთდებოდა სწორედ ტელეკომპანიის დაცვის სამსახურის ხელშეწყობით და ამიტომაც გაათავისუფლეს სამსახურიდან „რუსთავი 2“-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თეიმურაზ კოვზიაშვილი.

„ჩვენი ვერსია იყო, რომ ეს კეთდებოდა დაცვის ჩართულობით, სახელმწიფომ გააკეთა, კონკურენტმა თუ სხვამ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ შიდა ჩართულობის გარეშე რომ არ მომხდარა, ცხადია. ამიტომ გავათავისუფლე კოვზიაშვილი. რომელი დაცვის უფროსი რჩება თანამდებობაზე, როდესაც უფროსის კაბინეტში სათვალთვალო მოწყობილობას აღმოაჩენენ?! თუ შეთანხმებული ვიყავი კოვზიაშვილთან, მან ყველაფერი მითხრა და შემდეგ ვუთხარი „დაიკიდე“, არ შეიმჩნიო-მეთქი, ასეთ აგენტს ვინ უშვებს სამსახურიდან?! რაიმე ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს. ადამიანები იმედია ამაზე დაფიქრდებიან. რაც შეეხება ხელისუფლებას, პირობას ვაძლევ, მათ შორის პროკურატურაში ვინც კერავს ამ საქმეს, ხელისუფლებაში ახლა ამ საქმეების შეკერვით ვინც არის დაკავებული, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ როგორც ერთი ჩემი მეგობარი შეგპირდათ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ნამდვილად! ყველაფერი გამოაშკარავდება თავის დროზე, ამაზე უარესი ამბები გამოაშკარავებულა. მე ამას გპირდებით და მერე რას მოიფიქრებთ, ძალიან მაინტერესებს! თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი, იმას რომ მოგასმენინებთ, მაშინ რას იტყვით?!“, - აცხადებს ნიკა გვარამია და აღნიშნავს, რომ აინტერესებს, ამ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ს დაბრალდება თუ არა ფარული ჩაწერები და მოსმენები და მათი დამონტაჟება.

https://www.youtube.com/watch?v=yN0arX0-omc

https://www.youtube.com/watch?v=k2XqdN_YUc0

https://www.youtube.com/watch?v=AbnayT6vC9k

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია