myrights.ge
პროკურატურამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
„10 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ ღამის ეთერით გამოქვეყნებული კერძო საუბრების ჩანაწერებთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე“, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
ამ თემაზე, იურისტ კახა კახიშვილის მიერ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ კომენტარებს გთავაზობთ:
„ფაქტი ერთია, ძალიან დაუცველები ვართ. ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ვიცოდით, რომ შსს გვისმენდა, ახლა ვინ ვის და რამდენი გვისმენს, ვეღარ გავიგე. პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ქალაქის მერი, სია ალბათ დიდია... იმედია, რომ ეს საქმე მაინც გაიხსნება.
ისე ერთი კითხვა მაქვს – ერთ წელზე მეტია, რაც გავიგე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გატანილი იყო მოსასმენი, სათვალთვალო აპარატურა და ჩანაწერები; ამ ვადაში როგორ ვერ გახდა შესაძლებელი ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხის უზრუნველყოფა მაინც. ცოტა გამოცოცხლდით და გაიგეთ, რომ ხელისუფლებაში ხართ და თქვენ გაქვთ ვალდებულება, უზრუნველყოთ ჩვენი უფლებების დაცვა და ნორმალური ცხოვრების პირობები“.
„რუსთავი 2–ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები შეეხება მხოლოდ 2013 წლის პერიოდს. ჩანაწერების შინაარსიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ მიშა (სააკაშვილი) იყო პრეზიდენტი. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსაც, რომელიც მიშას დაქვემდებარებაში იყო, ჰქონდა ტელეფონების მოსმენის საშუალება, ამიტომ, ჩემი აზრით, ცალსახად იმის მტკიცება, რომ შსს უსმენდა, რუსთავი 2–ის მიერ გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე შეუძლებელია. თუმცა, მე ნამდვილად არ უარვყოფ ალბათობას, რომ შსს შეეძლო მოსმენა ან დღესაც არ გვისმენს. ფაქტია, რომ შსს -მ ნამდვილად უნდა დაადგინოს ამ ჩანაწერების შემსრულებელი“.
http://www.youtube.com/watch?v=3uMv0Av60HY