myrights.ge
„ეს უუნარობა და, მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის, სრული იმპოტენცია ნამდვილად უნდა დასრულდეს“, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსთავის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით:
„სამარცხვინოა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. მე დიდი ხანია ვამბობ იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება, სამწუხაროდ, არის აბსოლუტურად უუნარო და ამ ჩანაწერების თემამ ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა. დღეს ხელისუფლება გვეუბნება იმას, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ გვისმენს და არა დღევანდელი ხელისუფლება. მით უარესი ბატონებო! მით უარესი, თუ ასეთი უცოდინარები, უსუსურები და არაფრის მაქნისები ხართ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც კი თქვენზე უფრო ძლიერად აკონტროლებს სიტუაციას და თქვენზე მეტად ახერხებს იმას, რომ მოუსმინოს თავდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის ლიდერებს. ჯობდა თავის თავზე აეღო ხელისუფლებას და რაიმე სხვა ახსნა მაინც მიეცა ამ ყველაფრისთვის, ვიდრე იმის გაცხადება, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ გვისმენს. ერთიც უბედურებაა, თუ ხელისუფლება გვისმენს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურებაა თუ დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვისმენს. შეიძლება ხვალ აღმოჩნდეს, რომ ყველა გადაწყვეტილებასაც „ნაცმოძრაობა“ იღებს. პრინციპში, ეს ისედაც ჩანს, რომ ყველა დღის წესრიგს „ნაციონალური მოძრაობა“ კარნახობს ქვეყანას. ეს უუნარობა და, მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის, და სრული იმპოტენცია ნამდვილად უნდა დასრულდეს.
ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს ჯერ თავდაცვის მინისტრი უნდა გადაეყენებინათ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებისთვის, და იმ განცხადებას, რომ თურმე „ნაციონლური მოძრაობა“ გვისმენს, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გადაყოლოდა მთავრობაში.“
მთავარი პროკურატურის განცხადებით, უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები.