myrights.ge
საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ( IFJ)-ს ერთადერთი წევრი ორგანიზაცია საქართველოში, თურქ კოლეგებს საქართველოს საზღვრის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
ამასთან დაკავშირებით ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:
„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ (IAGJ) თურქეთის ჟურნალისტთა ასოციაციას და თურქეთის გაზეთების სინდიკატს მოუწოდა, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ აფხაზეთში, თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
თურქულ მედიაში გავრცელებული ცნობით, სოხუმში, მიმდინარე წლის 9 მაისს, თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელი ატილა სერტელი და 50-ზე მეტი ჟურნალისტი თანამშრომლობის მემორანდუმის გასაფორმებლად იყო ჩასული. ამის თაობაზე სერტელი თავის "ტვიტერის" გვერდზეც იტყობინება. ასოციაციის ხელთ არსებული ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, აფხაზეთში, საქართველოს საზღვრის დაცვის შესაბამისი სამსახურების გვერდის ავლით ჩავიდნენ.
საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტმა ზვიად ფოჩხუამ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა თურქ კოლეგებს, აჰმედ აბაკეის (ჟურნალისტთა ასოციაციაციის პრეზიდენტი) და იუგურ გიუჩს (გაზეთების სინდიკატის პრეზიდენტი) სადაც განმარტა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მოხარულია უმასპინძლოს თურქ ჟურნალისტებს, მითუმეტეს, თუ მათი ჩამოსვლა საქართველოს რეგიონებში მედიის განვითარებას ისახავს მიზნად, მაგრამ სტუმრების ჩამოსვლა უნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემის და საქართველოს კანონების დაცვით.
"როგორც თქვენ იცით, აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ 1992 წლიდან. ის არ არის აღიარებული დამოუკიდებელ ქვეყნად არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. საქართველოს სუვერენიტეტის და მთლიანობის მხარდაჭერა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას გამოხატა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა. ამ ვითარებაში, თურქული მედიის ვიზიტი ბადებს ნეგატიურ შეგრძნებებს საქართველოში. განსაკუთრებით იმ ფაქტის გამო, რომ ვიზიტის შესახებ არ იყო ცნობილი არც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და არც ჩვენთვის - ჟურნალისტთა ასოციაციისთვის", - ნათქვამია ასოციაციის პრეზიდენტის ზვიად ფოჩხუას მიმართვაში.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურების გვერდის ავლით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.
ასოციაცია მიმართავს თურქ კოლეგებს თხოვნით, გაავრცელონ ინფორმაცია იმ თურქ ჟურნალისტებს შორის, რომლებმაც შესაძლოა არ იციან საქართველოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შესახებ.
ასოციაცია ასევე გამოხატავს მზადყოფნას იმუშაოს თურქ კოლეგებთან ოკუპირებულ რეგიონებში მედიის განვითარების კუთხით“.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საგარეო უწყებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თურქი ჟურნალისტების აფხაზეთში ვიზიტი არ შემდგარიყო. მისი თქმით, აღნიშნული წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას.
დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ გამართა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან. შეხვედრა შედგა ქართული მხარის ინიციატივით, სადაც განხილული იქნა დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.
მინისტრის მოადგილემ დააფიქსირა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება და პროტესტი 2014 წლის 8-12 მაისს თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციის დელეგაციის მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით და გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი ფაქტები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, მომავალში აღარ განმეორდება.
ელჩმა დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა უმაღლეს დონეზე, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აბდულაჰ გიულის მიერ საქართველოში 7 მაისს განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის გატარებას.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით, ელჩმა განაცხადა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არ დაუშვებს თურქეთიდან რაიმე სახის ოფიციალური ხასიათის კონტაქტების განხორციელებას აღნიშნულ რეგიონებში.