myrights.ge
დღეს მივიღეთ დასტური, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს 27 ივნისს მოაწერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მივესალმებით ევროკავშირის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაჩქარდეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცედურები, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოეწროს ხელი ასოცირების შეთანხმებას. ამ უმნიშვნელოვანესი შეთანხმების ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას თვისობრივად სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის ევროინტეგრაციას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე განმარტა, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებისთვის მზად არის. მანვე ევროკავშირს „მეტი-მეტისთვის" პრინციპის ფარგლებში, საქართველოს 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს თანხა მიმართული იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში ჩართული საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციისკენ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზეც.
თავის მხრივ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის საბოლოო ეტაპი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
„ბატონო პრემიერო, მინდა გულთბილად გიმასპინძლოთ ბრიუსელში, როდესაც შევხვდებით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად. ჩვენ სრულად ვაღიარებთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში ჩვენ საერთო მომავალი გვექნება. მაღალ შეფასებას ვაძლევ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელებულ რეფორმებს“,-განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.
შეგახსენებთ, რომ „ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ქართულენოვანი ვერსია, რომელიც 1000-ზე მეტ გვერდს მოიცავს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე (იხ. ბმული) არის განთავსებული.
დოკუმენტი, რომელიც 1100 გვერდს აღემატება, შედგება პრეამბულისაგან, 8 კარისაგან, ოქმებისაგან და დანართებისაგან, სადაც გაწერილია კონკრეტული ვადები, რაშიც ესა თუ ის რეფორმა უნდა განხორციელდეს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ქ. ვილნიუსში, 2013 წლის 29 ნოემბერს. „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ფორმდება ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას შორის და მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას. „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ სამართლებრივად სავალდებულოა. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ინოვაციური შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DC FTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების კონკრეტულ მექანიზმებს. საქართველოსთვის ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ შეთანხმების“, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, გაფორმების პერსპექტივა გაიხსნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივით. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ჩაანაცვლებს 1996 წელს ხელმოწერილ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ (Partnership and Cooperation Agreement - PCA) და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს. PCA-სთან შედარებით „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები „ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე“ ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში (ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტზე - 2011 წლის დეკემბერში). მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 15 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობის სივრცეზე და 100-მდე ვიდეოკონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის საკითხებსა და DC FTA-ზე. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში. მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო საქართველოს ყველა შესაბამისი სამინისტრო და უწყება.