myrights.ge
უწყლო კლინიკა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სასწრაფოს მანქანები
ხელისუფლების წარმომადგენლების ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, ქართული ჯანდაცვის სისტემა კვლავ ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე _ რეგიონებში არსებული ვითარება კრიტიკას ვერ უძლებს, ხშირად, ადამიანები ელემენტარული კომუნიკაციის პრობლემებსა და უყურადღებობას უჩივიან, რაც მარტო ჯანდაცვის სფეროს გამოწვევა არ არის.
„ვერსიას“ სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბის მკვიდრი, სოსო კოჭლამაზაშვილი დაუკავშირდა და არსებულ რეალობაზე უამბო იმედით, რომ ამას წაიკითხავენ ისინი, ვისაც მსგავსი მდგომარეობის ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღება ევალება. კოჭლამაზაშვილს იმედი აქვს, რომ აღნიშნულ პრობლემას ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას ,,წინასაარჩევნო ციებ- ცხელების დროს’‘ აუცილებლად მიაქცევს:
,,ორჯერ მქონდა რაიონულ საავადმყოფოსთან შეხება. პირველად 2008 წელს, თავზე უმარტივესი ოპერაცია დამჭირდა, რომელიც ათ წუთში დასრულდა. ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ამხელა საავადმყოფოში წყალი არ ჰქონდათ და მირჩიეს, სისხლი „სელპაკის“ ქაღალდით მომეწმინდა, თურმე, მომსახურე პერსონალს დასალევი წყალი ბოთლებით დაჰქონდა და რადგან დღის მეორე ნახევარი იყო, უკვე დაეცალათ. გარეთ მეგობარი მელოდებოდა, ძმა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა – გასისხლიანებული თავით დამინახა თუ არა, ცუდად გახდა, ძლივს დავამშვიდე. ამ დროს, სიყვარულის ქალაქი შადრევნით ამაყობდა.
საავადმყოფოში მოსვლის „ბედნიერება“ მეორედ შარშან მქონდა _ ხელი მძიმედ დამიზიანდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დამჭირდა. ჩემი სახლიდან სიღნაღამდე 10-15 წუთის სავალია. 50 წუთში მოვიდნენ. მანამდე, სოფლის საპარიკმახეროში ბიჭი ყვებოდა, როგორ დააგვიანა სასწრაფომ მის ბებიასთან. მერე ხუმრობდა კიდეც, თუ სიდედრი გამიხდა ავად, სასწრაფოთი უნდა წავიყვანო, იქნებ თავიდან მოვიცილოო. როცა ამ ლეგენდარულ მანქანაში თავად აღმოვჩნდი, მივხვდი, თანასოფლელი ბიჭი არ ხუმრობდა _ სასწრაფოს მანქანას, ნამდვილად შეეძლო არათუ ავადმყოფის, უბრალოდ, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანის რეალური საფრთხის ქვეშ დაყენება. წარმოიდგინეთ, წნორის საავადმყოფომდე 8 კმ-ია, იქამდე ჩასვლას საათზე მეტხანს მოვუნდით. ორიოდე კვირის წინ, მეგობარმა გამოიძახა სასწრაფო, ტრადიციულად, 50 წუთში მოვიდა, თუმცა სიახლეც იყო, მანქანა საშინლად ჭრიალებდა. ავადმყოფი მძიმედ იყო და ოჯახმა უარი თქვა მის გადაყვანაზე. მგზავრობა სიკვდილს უდრიდა. ამ მანქანებით ავადმყოფის კი არა, ჯანმრთელი ადამიანების გადაყვანა არ შეიძლება. ყველა დამეთანხმება, ვინც ერთხელ მაინც მჯდარა იქ. ბოლო 3 წელიწადში, რაიონის ბიუჯეტი ჯამში 20 მილიონ ლარამდე იყო, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო „მნიშვნელოვან“ საქმეებს მოახმარეს. ძალიან გთხოვთ, დაბეჭდეთ, რასაც გიამბობთ. იქნებ, მთავრობაში ვინმემ მაინც მოგვაქციოს ყურადღება და ამ წინასაარჩევნოდ მაინც გამოსწორდეს ვითარება სიღნაღის საავადმყოფოში’‘.
წყარო: versia.ge