მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საპატრიარქო მოუწოდებს, რომ მსვლელობები იყოს ლოცვითი და მშვიდობიანი, რადგან ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობისა“ - 16 მაისი 2014

myrights.ge

საქართველოს საპატრიარქო მორწმუნეებს მოუწოდებს, რომ ხვალისთვის დაგეგმილი მსვლელობები მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი იყოს. დეკანოზ დავით შარაშენიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ. ამ დღეს საქართველოს ყველა მომქმედ ტაძარში 12 საათზე აღევლინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი, რათა დედა ღვთისამ თავისი მფარველი კალთა გადააფაროს ჩვენს ოჯახებს. შემდეგ კი მოხდება ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიების და ქუჩების კურთხევა. წმ. სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და 12 სთ-დან დღის ბოლომდე დაბრძანებული იქნება ჩვენი ერის განსაკუთრებული სიწმინდეები: ღვთისმშობლის მიერ ბოძებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა, რათა, როგორც მთელ ოჯახებს, ისე ცალკეულ ადამიანებს, მიეცეთ შესაძლებლობა, ემთხვიონ მათ და დაილოცონ მათი მადლით. მისი უწმინდესობის კურთხევაა, ამ დღის აღსანიშნავად ტრადიციად დადგინდეს, რომ მშობლებმა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებით დალოცონ თავისი შვილები თითოეული ცალ-ცალკე, ხოლო შვილებმა მშობლებს მიართვან საჩუქრები და ტაძარში დაუნთონ სანთლები. მისი უწმინდესობა კი, როგორც ერის სულიერი მამა, პარაკლისის შემდეგ წაიკითხავს სპეციალურ ლოცვას და დალოცავს ყველა მორწმუნეს, - მშობლებსაც და შვილებსაც. იგივეს აღასრულებენ მღვდელმთავრები და სასულიერო პირები თავის ეპარქიებში.

ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია. ოჯახის სიწმინდის ხელყოფა და არაბუნებრივი და გაუკუღმართებული ურთიერთობების ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადება საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის, განურჩევლად აღმსარებლობისა, სრულიად მიუღებელია. რა თქმა უნდა, იგი მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისათვისაც. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია ებრძვის თუნდაც ამ ცოდვით დაზიანებულ ადამიანს, პირიქით, იგი ზრუნავს მისთვის და იღვწის მისი გამოსწორებისათვის. ეკლესია ამხელს და ებრძვის თავად ცოდვას, მის საჯარო პროპაგანდას, რადგან ასეთი დამოკიდებულება მეტად განარისხებს უფალს და ღვთის დიდ სასჯელს იწვევს; ამიტომაც ცდილობს ჩვენი ეკლესია, დაიცვას ერი უზნეობის დაკანონებისა და სულიერი ძალადობისაგან.

შევნიშნავთ იმასაც, რომ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფები და, საერთოდ, საზოგადოების ნაწილი ამ დღესთან დაკავშირებით აპირებენ ქუჩაში მსვლელობებს; საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ მსვლელობები იყოს მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი, რადგან ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობისა. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. მან მართლმადიდებელ მრევლს მოუწოდა ამ დღეს სახლები აკურთხონ და დართო ნება ნაკურთხი წყლის პკურების. მისი განცხადებით, პირველად 17 მაისის აღნიშვნა წელს მოხდება.

„ადამიანის ხასიათი, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში ყალიბდება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ოჯახში იზრდება ის. ადამიანის ხასიათი, მისი თვისებები, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ღვთის ლოცვა-კურთხევაზე, დამოკიდებულებულია მშობლებსა და წინაპრებზე და დამოკიდებულია თვით ადამიანზე. თუკი ადამიანი ცდილობს დაინახოს საკუთარი თავი, თუ შეუძლია განიცადოს საკუთარი ცოდვები, ის ბედნიერია, ის გამოსწორდება. მას უფალი აძლევს მადლს და ცოდვებისგან განიწმინდება. ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია, ურთულესი ფერიცვალება. ერთ ადგილზე არც ერთი ადამიანი არ დგას, ყველა თავის ფერისცვალებას განიცდის. ჯოჯოხეთიდან ცამდე აღმართულია კიბე, ამ კიბეზე ზოგი მაღლა მიდის, ზოგი დაბლა. შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ვიაროთ მაღლა და სასუფევლის ღირსი გავხდეთ. რამდენიმე წელია ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ და არაერთხელ გვითქვამს, რომ მშობლების კურთხევა ეს არის ღვთის კურთხევა. ამიტომ თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები, ნაკურთხი ხატით უნდა დალოცოთ ისინი, ყოველდღე შვილები უნდა ემთხვიონ თავიანთ მშობლებს ხელზე. ამ დროს ზეციდან გადმოდის მადლი სულიწმინდისა. განსაკუთრებით საყურადღეობა ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. შვილებმა ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არ უნდა მოისმინონ. არ უნდა გაიგონონ ცუდი სიტყვა, ლანძღვა-გინება. მათ უნდა ესმოდეთ სიკეთე და ასე გააგრძელებენ ცხოვრებას. ამიტომ ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა ვილოცოთ, როგორ გადავუხადოთ მადლიერება მშობლებს. მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე. ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს - მშობლები და შვილები. უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალით და ერთი გონებით. სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ამ დღეს 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისები ტაძრებში და ნაკურთხი წყლით აპკურონ ტაძარი, ოჯახები, ქუჩები, ასევე ლოცვა-კურთხევა ეძლევა საერო ადამიანებს, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ ოჯახი და საკუთარი თავი. პირველი ასეთი დღესასწაული იქნება 17 მაისს. თქვენ ნახავთ, როგორ გაძლიერდება თქვენი სული, გონება, სხეული და როგორ გაძლიერდება საქართველო“, -  განაცხადა პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეობმული:

http://www.youtube.com/watch?v=udkBzJctKBM

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია