myrights.ge
არასაპარლამენტო ოპოზიცია საქალაქო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშულებს და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს:
„17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" საარჩევნო ნომრის – "5"-ის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილება "არასაპარლამენტო ოპოზიციას" ჰქონდა გასაჩივრებული. საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ თუკი ბლოკის რომელიმე სუბიექტს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არ აქვს მონაწილეობა მიღებული, საარჩევნო ბლოკის ნომერი გამოვლინდება წილისყრით. "ნაციონალური მოძრაობა" კი ბლოკშია "ქრისტიანულ-კონსერვატიულ პარტიასთან" (შოთა მალაშხიას პარტია), რომელიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამის საფუძველზე, ამავე პრაქტიკით 2012 წელს ცესკომ საარჩევნო ნომერი "7" წაართვა "ქართულ ოცნებას" და მიანიჭა "41". ამდენად, როცა კანონი პირდაპირ ითვალისწინებს პროცედურას და ამავდროულად უკვე არსებობს შესაბამისი პრაქტიკა, ცესკოს გადაწყვეტილება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" საარჩევნო ნომრის, "5"-ის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უკანონოა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვა 16 მაისს გაიმართა, სასამართლომ ერთდღიანი ვადა ითხოვა გადაწყვეტილების მისაღებად (გასაგებია, რომ სასამართლოს სჭირდებოდა კონსულტაციები პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან).
ამის შემდეგ, 17 მაისს, სასამართლომ გამოაცხადა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება "არასაპარლამენტო ოპოზიციის" სარჩელის დაუკმაყოფილებლობასთან დაკავშირებით და "ნაციონალურ მოძრაობას" უკანონოდ დაუტოვა საარჩევნო ნომერი "5". "არასაპარლამენტო ოპოზიცია" საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", – ნათქვამია არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაში.