ბაღებსა და სკოლებში მე-6 კლასის ჩათვლით 27 მაისამდე სწავლა შეწყდა
myrights.ge
ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლა შეწყდა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში იქნა მიღებული. სამუშაო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ. ეს დღეები გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებებმა სკოლებისა და ბაღების გაძლიერებული სანიტარული დამუშავება მოახდინონ.
ჯანდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლების ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა. დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ვირუსების გავრცელების სტატისტიკა წარმოუდგინა და აღნიშნა რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს: „ვირუსულ მენინგიტს 4 წლიან ციკლში გამწვავება ახასიათებს, თუმცა ეს გამოიხატება არა დაავადების სიმძიმის ფორმაში, არამედ მისი რაოდენობის ზრდაში. საშუალოდ წელიწადში ვისუსული მენინგიტის 150 შემთხვევა ფიქსირდება. დღეის მდგომარეობით კი, ამ დაავადების 142 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ამ ტიპის მენინგიტი მიმდინარეობს საშუალო და მსუბუქი ფორმით“.
კიდევ ერთი დაავადება, რომელზეც შეხვედრაზე იყო საუბარი, არის ყირიმ-კონგოს ვირუსი. ეს დაავადება გადაეცემა მწერის ნაკბენით ან დასნეულებულ საქონელთან შეხებით. 2014 წელს სულ 5 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.
თავის მხრივ, განათლების სამინისტრო სკოლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მიმართავს:
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის არაერთი შემთხვევა. მოზარდების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებულობის, უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ მკაცრად დაიცვათ სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები!
სკოლები ვალდებულნი არიან განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
გააფრთხილონ მოსწავლეები და მასწავლებლები პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვის მნიშვნელობის შესახებ;
უზრუნველყონ სველი წერილებისა და სასადილოს ტერიტორიის ინტენსიური დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით;
მოახდინონ მოსწავლეების ინფორმირება, რომ კვებისას არ ისარგებლონ ერთი ჭურჭლით;
სკოლის მთელ ტერიტორიაზე განახორციელონ დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშოები;
სველი წესით ან სადეზინფექციო საშუალებებით ინტენსიურად დაამუშაონ ხშირად შეხებადი ზედაპირები.
იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის პირველადი სიმპტომები:
გაღიზიანებადობა
უმადობა
მაღალი ტემპერატურა
ძლიერი თავის ტკივილი
კისრის დაჭიმვა
მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა
ძილიანობა
გულისრევა, ღებინება
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
იმ სკოლებმა, სადაც დაფიქსირდა მოსწავლის დაავადება ვირისული მენინგიტით, დაუყოვნებლივ მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. მშობლებმა უზრუნველყონ შვილების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ოჯახის პირობებში“.
ამ დღეებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრშიც გაიმართა პრესკონფერენცია, ქვეყანაში ენტეროვირუსული ინფექციის გავრცელებაზე:
„2014 წლის 24 აპრილის შემდგომ პერიოდში თბილისის სტაციონარებში შეინიშნება სეროზული მენინგიტებით მიმართვიანობის მატება. შემთხვევები მიმდინარეობს საშუალო სიმძიმით და სრულდება სრული გამოჯანმრთელებით. თბილისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან ერთად წარმოებს შემთხვევათა მოკვლევა. დღეს არსებული მდგომარეობით, შემთხვევათა უპირატესი რაოდენობა თბილისშია, თუმცა შემთხვევები რეგისტრირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ადგილი აქვს მცირე კლასტერებს - საცხოვრებელი ადგილის ან სასწავლო დაწესებულების ფარგლებში. ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში განხორციელებულმა კვლევამ მოლეკულური და სეროლოგიური მეთოდით დაადასტურა კლინიცისტთა ვარაუდი, რომ საქმე გვაქვს ენტეროვირუსულ ინფექციასთან. მოსახლეობას და მედიას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია სიტუაციის და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.
ქვეყანაში ენტეროვირუსული ინფექციის გავრცელება აღწერილი იყო 2006 და 2010 წლებში და ხასიათდება რა 4 წლიანი ციკლურობით, 2014 წლისთვის პროგნოზირებული იყო გავრცელების მორიგი ტალღა.
2006 და 2010 წლებში საქართველოში სულ დარეგისტრირდა მენინგიტების 300 შემთხვევა წლიურად, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ წლებში რეგისტრირებულია 150-170 შემთხვევა. წელს რეგისტრირებულია 70 შემთხვევა.
ენტეროვირუსული ინფექციით ადამიანები ავადდებიან წლის ნებისმიერ სეზონზე, თუმცა ციკლური მატების წლებში საქართველოში შემთხვევათა რიცხვის მატება აღწერილია მაისიდან ნოემბრამდე.
არ არსებობს ვაქცინა ვირუსული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევის - არაპოლიომიელიტური ენტეროვირუსის საწინააღმდეგოდ. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება საკმაოდ რთულია, რადგან ზოგჯერ ინფიცირებული ადამიანი არ გამოიყურება როგორც ავადმყოფი, მაგრამ ავრცელებს ვირუსს. ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის რეკომენდებულია:
ბავშვებისათვის პირადი ჰიგიენის წესების სწავლება,
ხელების ხშირი დაბანა, მათ შორის პამპერსის გამოცვლის, საპირფარეშოს ხმარების შემდეგ, ჭამის წინ;
ხშირად შეხებადი ზედაპირების (როგორიც არის კარის სახელური და ა.შ.) სველი წესით ან დეზინფექტანტების შემცველი საშუალებების გამოყენებით დასუფთავება“.