myrights.ge
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში მომხდარი მკვლელობა გახსნეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში, ღამით, თეიმურაზ ქ-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ რუსუდან ბ-ს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა თეიმურაზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 115-ე მუხლით).
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ავთანდილ ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ავთანდილ ხ-მ ადიგენის რაიონის სოფელ უდეში, ნასესხი ფულის გადაუხდელობის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1960 წელს დაბადებულ მერი ა-ს ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რომელიც შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1945 წელს დაბადებული გოგი ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 20 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს – 1972 წელს დაბადებულ ლევან ს-ს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ზაზა კ. და 1968 წელს დაბადებული გოდერძი ლ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 11 მარტს სოფელ ახალ ხიბულაში მცხოვრებ, 1936 წელს დაბადებულ აკაკი ა-ს თავი ლტოლვილთა კომიტეტის თანამშრომლებად წარუდგინეს და მის სახლში მოტყუებით შეაღწიეს. დაკავებულებმა აკაკი ა-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობის მუქარით გასტაცეს ფული, ოქროს ნივთი, ერთლულიანი სანადირო თოფი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა გოდერძი ლ. და ზაზა კ. ხობში დააკავეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით).
დღესვე, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევის ტყეში სახერხი ტექნიკის დემონტაჟის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ცემის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე დაიწყო გამოძიება.
ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევის ტყეში გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო სამსახურმა უკანონო სახერხი საამქრო და უნებართვოდ მოჭრილი მორებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინა. სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახერხი ტექნიკის დემონტაჟი დაიწყეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან აგრესია და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც სიტუაცია განმუხტეს. ინციდენტის შედეგად დაზიანდა სატყეო სამსახურის კუთვნილი ავტომობილი.
გამოძიება ცემის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე და 187-ე მუხლებით).