ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს
myrights.ge
აფხაზეთიდან ქართველი მებრძოლების გადმოსვენებასთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრი განცხადებას ავრცელებს და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობას უხდის.
„21 წლის შემდეგ აფხაზეთიდან 31 ქართველი მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს. ეს ის მებრძოლები არიან, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში 1993 წლის 22 სექტემბერს დაიღუპნენ. ამ ტრაგედიას მაშინ 92 ადამიანი ემსხვერპლა. მართალია, სხვადასხვა დროს ეტაპობრივად ხდებოდა ცხედრების გადმოცემა, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა ყველა დაღუპულის ჩამოსვენება.
საქართველოს მთავრობამ შექმნა ორმხრივი კომისია, რომელსაც ჩვენი მხრიდან ხელმძღვანელობს მინისტრი დავით დარახველიძე, ხოლო აფხაზეთიდან - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ინდირა ვარდანია. მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის შედეგადაც მოხდა დაღუპული 31 ქართველი მეომრის ცხედრის თბილისში ჩამოსვენება.
მადლობა მინდა გადავუხადო, ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს. დღევანდელი დღე ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი მივაგოთ ყველას, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას“, – აცხადებს პრემიერი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე ამბობს, რომ ბაბუშერას აეროპორტიდან გადმოსვენებული ცხედრების სრული იდენტიფიკაცია მაქსიმუმ 6 თვეში მოხდება. როგორც დარახველიძე აღნიშნავს, თბილისში 31 ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა და ამით ბაბუშერას სამარხი პრაქტიკულად დაიხურა. მისივე თქმით, მაქსიმუმ 6 თვეში მოხდება სრული იდენტიფიკაცია და შემდეგ ცხედრები ოჯახებს გადაეცემათ.
დავით დარახველიძის განცხადებით, 27 მაისს გაიხსნება დიღმის ძმათა სასაფლაო, სადაც სავარაუდოდ 23 ცხედარი განისვენებს და არ არის გამორიცხული მათ შორის აფხაზ თანამემამულეთა ცხედრებიც იყოს. მისივე თქმით, იგივე პროცედურებით მოხდება მათი იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა.
დღეს სამებაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აფხაზეთში დაღუპული ქართველი გმირების, მათ შორის თბილისში გადმოსვენებულთა სახელზე პანაშვიდი გადაიხადა.
1993 წელს, აფხაზეთში, ბაბუშერას აეროპორტში ჩამოგდებულ სამგზავრო თვითმფრინავში ასზე მეტი ქართველი მებრძოლი იმყოფებოდა. ლაინერს ჯარისკაცები აფხაზეთის დასაცავად გადაჰყავდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. ცოცხალი არავინ გადარჩენილა, ადამიანებმა ერთდროულად ოჯახის რამდენიმე წევრი დაკარგეს.
იხილეთ ვიდეობმული:
http://www.youtube.com/watch?v=qk0FrHS8YJo