პრემიერ–მინისტრი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
myrights.ge
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ჩემო თანამოქალაქეებო! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ვულოცავ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჯარისკაცს და ოფიცერს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან სამშობლოს, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს!
მინდა განსაკუთრებით მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სამშვიდობო მისიების მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს. თქვენ, სამშობლოსგან მოშორებულები, თავდადებით ემსახურებით საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენი და ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოებას.
26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოსთვის. მთელი ჩვენი ისტორია ჩვენი დიდი წინაპრების თავგანწირული და ერთგული ბრძოლაა სამშობლოსთვის. საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი. თაობიდან თაობას გადაეცემოდა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სამშობლოს გათავისუფლების იდეა. ამ იდეისთვის იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია - 96 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ასრულდა ყველა ქართველის სანუკვარი ოცნება და ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
მაშინ, საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს ვერ გაგრძელდა. თუმცა, ჩვენს ხალხს არ შეუწყვეტია ფიქრი სამშობლოს დამოუკიდებლობაზე. ყველა თაობა გულით და გონებით ატარებდა ამ იდეას.
23 წელია საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენ დიდი ისტორიის ერი ვართ. ისტორიულად ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ამიტომაც უნდა ავაშენოთ ევროპული ტიპის, დემოკრატიული სახელმწიფო, ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ეკადრება. ცივილიზებული სახელმწიფოს ძლიერება, პირველ რიგში, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, რომელთა განვითარება და ხელშეწყობა ხელისუფლების ვალდებულებაა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობა. თითოეული ადამიანის თავისუფლება და მისი უფლებების დაცვადემოკრატიული ქვეყნის უმთავრესი ღირებულებაა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ღირებულებები საქართველოში იყოს დაცული.
მეგობრებო, დღევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულია - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ახალი იმედებით ვხვდებით. სულ მალე ჩვენ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადავდგამთ ევროპასთან დაახლოების გზაზე - ზუსტად ერთ თვეში ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი. მე მჯერა, რომ საქართველო, როგორც თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, თავისი კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით,ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში.
ჩემო თანამემამულეებო, ჩვენ ყველანი მონაწილე ვართ იმ ისტორიული პროცესებისა, რომლებიც სინამდვილედ აქცევს ჩვენი დიდი წინაპრების, ჩვენი ხალხის სანუკვარ ოცნებას. საქართველო უახლოვდება ევროპულ სივრცეს და ეს პროცესი შეუქცევადია.
საქართველო დიდი კულტურისა და დიდი ტრადიციების ქვეყანაა. ჩვენმა ტოლერანტობამ, კაცთმოყვარეობამ და სამშობლოს სიყვარულმა, მისთვის თავდადების უნარმა შეგვინარჩუნა ქვეყანა. ეს ის ძალა იყო, რამაც გადაარჩინა საქართველო და სწორედ ეს ძალა დააყენებს ახლაც ჩვენს ქვეყანას ფეხზე.
საქართველოს წინ დიდი მომავალი აქვს. ჩვენ ავაშენებთ და გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. ეს სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის. საქართველოს აქვს იმის ამბიცია, რომ გახდეს ლიდერი რეგიონში და მჯერა, საქართველო ამას შეძლებს!
ჩვენი ქვეყნის განვითარება პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება. მჯერა, სწორედ ასე შემოვაბრუნებთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს ჩვენსკენ და აუცილებლად დადგება დღე, როცა ჩვენ ისევ ვილაპარაკებთ ერთ ენაზე, ისევ ვიცხოვრებთ გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში, ჩვენს საერთო სამშობლოში!
მეგობრებო, მოახლოებული არჩევნები ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ შანსს აძლევს გადადგას ნაბიჯი წინ, დემოკრატიისკენ. ეს არჩევნები თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას გაითავისოს, რომ ეს ქვეყანა მისია და თავად უნდა უპატრონოს მას. მე ბევრს დავდივარ რეგიონებში და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს რეალური ძალაუფლება, ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს საკუთარი სოფლის, რაიონის, რეგიონის და, საბოლოოდ, ქვეყნის ბედი. მხოლოდ ასე, ყველა ერთად, შევძლებთ მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ხალხს, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს თავგანწირვისა და სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მომავალ თაობებს დავუტოვოთ თავისუფალი, დემოკრატიულიდაწელგამართული ქვეყანა. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს", - ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.
ამერიკის შეერთებული შტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ბარაკ ობამას მისალოც წერილშია ნათქვამი, ბოლო წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით უდგას მხარში საქართველოს, სადაც ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ქვეყნის ისტორიაში პირველად დასრულდა ძალაუფლების საკონსტიტუციო გზით გადაცემის პროცესი და დაინიშნა ახალი პრემიერ-მინისტრი:
"ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო! საუკეთესო სურვილებით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს 26 მაისს, საქათველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება ქმნის საფუძველს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე და მზარდი პარტნიორობისათვის. იმედის თვალით შევყურებ თანამშრომლობას თქვენთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთან საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფის პროცესში. მომავალი ადგილობრივი არჩევნები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოსალოდნელი ხელმოწერა უზრუნველყოფს დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს მართლაც შთამბეჭდავი წინსვლის ნათელსაყოფად".
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა კიდევ დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას:
"ჩემთვის სასიხარულო იყო თქვენთან შეხვედრა ვაშინგტონში თქვენი თებერვლის ვიზიტის დროს. როგორც უკვე ითქვა შეხვედრის დროს, ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. მომდევნო წლებში რეფორმებისადმი ასეთი ერთგულება უზრუნველყოფს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტირების და ადამიანებს შორის კონტაქტების სფეროებში ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას. ვდგავართ რა რეგიონში გამოწვევებით აღსავსე მოვლენების წინაშე, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გაუწევს მძლავრ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას და მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. გულწრფელად გილოცავთ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს", – განაცხადა ობამამ.
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.
1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილების 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია.
წართმეული თავისუფლება
1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსირება მოახდინა. ხელისუფლება იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. საქართველო იძულებით შეიყვანეს საბჭოთა კავშირში. დამოუკიდებლობაწართმეული ქვეყანა 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.
9 აპრილი
დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს თბილისში ეწყობა მშვიდობიანი აქციები. საქართველოს სუვერენიტეტის ცნობის მოთხოვნით 1989 წლის აპრილში თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციები ეწყობოდა. მშვიდობიანი მიტინგი 9 აპრილს, გამთენიისას სასტიკად დაარბია საბჭოთა არმიამ, რასაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიის მიუხედავად, ბრძოლა ქვეყნისთვის დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსის მოსაპოვებლად მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა.
1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი. საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. ამავე წლის 9 აპრილს დამოუკიდებელი საბჭოს პირველ სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი შევიდა ძალაში. ხოლო 26 მაისს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1991 წლიდან მოყოლებული 26 მაისს ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
იხილეთ ვიდეობმულები:
http://www.youtube.com/watch?v=6ATAFf_4DdA
http://www.youtube.com/watch?v=G5G5o0W74Mk
http://www.youtube.com/watch?v=zvXabQkUpAo
http://www.youtube.com/watch?v=l-hjhyr7vAE