მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება პრემიერ-მინისტრს გადასცა - 27 მაისი 2014

myrights.ge

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ასოცირების ხელშეკრულებაზე პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის უფლებამოსილების ერთჯერადად გადაცემაზე საგანგებო განცხადებას აკეთებს. დავით პატარაიას განცხადებით კონსტიტუციის მიხედვით, შეთანხმების გაფორმება  პრეზიდენტის უფლებამოსილებაა.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება უნდა დაიდოს 27 ივნისს. ეს არის შეთანხმება, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. კონსტიტუციის მიხედვით, ამ ყოვლისმომცველ შეთანხმების დადების უფლებამოსილება პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროშია.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განზრახული აქვს ხელშეკრულების ხელმომწერად განისაზღვროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვინაიდან აუცილებელია  საქართველოს პრემიერი-მინისტრის ხელმოწერის უფლება განხორციელდეს ისე, რომ არც დღეს და  რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არც  მომავალში, არ დაისვას კითხვის ნიშნები ხელმოწერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება  ერთჯერადად გადასცეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა დავით პატარაიამ და დასძინა - „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და მე-13 მუხლების შესაბამისად, ამ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულების სახით, რომელიც საჭიროებს პრემიერის კონტრასიგნაციას.

შესაბამისად, გაცნობებთ, რომ დღეს ვუგზავნით საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომლის მიხედვით, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ანიჭებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებას. იმედი გვაქვს, მთავრობასა და პრეზიდენტის შორის შეთანხმების კონსტიტუციური პროცედურა უახლოეს დღეებში დასრულდება“.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი, ჩვენ უკვე გუნდში ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ“, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მთავრობის სხდომაზე ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები განიხილეს:

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოაწერს, როგორც ეს გათვალისწინებულია საქარველოს კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით“.

თადუმაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის თანახმად, მას ესაჭიროება საქართველოს მთავრობის თანხმობა.

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებსაქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

აღნიშნული ტიპის ხელშეკრულების ხელმოწერაზე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მას შესაბამისი გადაწყვეტილება ექნებოდა მიღებული მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის შესაბამისად, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოკლებულია შესაძლებლობას მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას“,-განაცხადა საპარლამენტო მდივანმა.

რაც შეეხება ხელმოწერის პროცედურას, პრეზიდენტის მხრიდან ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, ხელმოწერა ვერ შეიძენს იურიდიულ ძალას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის (თანახელმოწერის) გარეშე, რაც საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეულ გაუგებრობას გამოიწვევს, რადგან მსგავსი სახის ხელშეკრულებები იურიდიულ ძალას იძენს ხელმოწერის მომენტიდან.

ამასთან, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებსაქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე“.

„აღსანიშნავია, რომ მთავრობამ წარმართა მოლაპარაკებების პროცესი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ასევე მთავრობაა პასუხისმგებელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე“,-აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია