myrights.ge
დღეს, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე „ლიტერატურულ კაფეში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ჭიაბერაშვილის განცხადებით, თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე არიან, ფიზიკური დაპირისპირების მოტივი კი მის, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.
მომხდართან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებებს ავრცელებენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა:
„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში. ზურაბ ჭიაბერაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ის პარტიის წარმომადგენელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.
ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მისი თქმით, თავდამსხმელებმა თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს ჭიქა, მდუღარე წყალი შეასხეს მასთან ერთად მყოფ ნოდარ ლადარიას. როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი რაც მას თავდამსხმელებმა განუცხადეს, არის შემდეგი: „როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ აქ, გაეთრიეთ აქედან.“
მსგავსი ძალადობრივი ფაქტები მიუღებელია და სახელმწიფოს მხრიდან სწორ, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ასეთი ქმედებები წინასაარჩევნო პერიოდში ზრდის დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებას.
მოვუწოდებთ ყველას, წინასაარჩევნო პერიოდში უარი თქვან პროტესტის ძალადობრივი ფორმით გამოხატვაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა“.
„ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუშალოს პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ძალადობის სახიფათო ტენდენციად ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ხელს აწერენ:
„აბაშიძის ქუჩაზე მდებარე „ლიტერატურულ კაფეში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე არიან, ფიზიკური დაპირისპირების მოტივი კი მის, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.
ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტი, როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებული აზრის გამო ხდება ფიზიკური ანგარიშსწორება. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, აუცილებელია არჩევნებში ჩართული პირების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და დაცული იყოს.
საყურადღებოა ისიც, რომ ჯერ კიდევ გაუხსნელია 31 მარტის შემთხვევა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს, პარლამენტის წევრ ნუგზარ წიკლაურს. ამ შემთხვევაშიც დაზარალებული თავდასხმის მოტივად მის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს, როგორც დღევანდელი, ასევე 31 მარტის ინციდენტი და ყველა არსებული რესურსით ხელი შეუშალოს პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ძალადობის სახიფათო ტენდენციად ჩამოყალიბებას. ასევე მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მსგავსი ფაქტების კომენტირებისას გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და ცალსახად დაგმონ ძალადობა“.
შსს–ს ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილის და ნოდარ ლადარიას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.