მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პრიორიტეტები, რათა ევროკავშირთან ერთად ვაშენოთ საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში - 29 მაისი 2014

myrights.ge

მზად ვართ წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პრიორიტეტები, რათა ევროკავშირთან ერთად ვაშენოთ საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერთან და უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს "აღმოსავლეთ პარტნიორობით" გახსნილი პერსპექტივის განხორციელების თვალსაზრისით.

"27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი შეხვედრისთვის ქალბატონ კანცლერს.

დღევანდელი შეხვედრა კანცლერ მერკელთან, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გაღრმავებული ურთიერთობების ნათელი ნიშანია.

ხუთი წლის წინ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობამ" გახსნა ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერებისათვის. ჩვენმა ქვეყანამ ევროპული გზისადმი ერთგულება დაამტკიცა იმით, რომ წარმატებით გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები და მოვახდინეთ ჩვენი საზოგადოების ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება. ჩვენ განუხრელად მივყვებით ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი განპირობებულია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით.

ჩვენ ვამაყობთ, რომ მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს აღმოსავლეთ პარტნიორობით გახსნილი პერსპექტივის განხორციელების თვალსაზრისით. როგორც უკვე აღინიშნა, 27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ეს არის ერთგვარი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროს მოდერნიზება.

ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოებით საქართველო მიაღწევს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ქმნის ძალიან დიდ პერსპექტივას ჩვენი ქვეყნისთვის. რაც მთავარია, ეს შეთანხმება ჩვენს საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, ერთგულად განაგრძობს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის განმტკიცებას. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია ეფექტიანად განახორციელოს ასოცირების შეთანხმება, რათა სრულად მიიღოს შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პერსპექტივა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ასპექტია,

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო მიზნების წარმატება დიდად არის დამოკიდებული რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არსებობაზე. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მიღწეული პროგრესის კვალდაკვალ, ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს. ჩვენმა ქვეყანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად კონსტრუქციული, პროგნოზირებადი მთავრობა. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული დიალოგის პოლიტიკა ჩვენს მეზობლებთან, და არა მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან. ჩვენ შევძელით იდეალური ბალანსის დამყარება.

ჩვენ ვიზიარებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ევროპის კონტინენტსა და მის მიღმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთოს ევროკავშირის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობამ" ჩვენი ურთიერთობა თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანა. ჩვენს ურთიერთობაში იწყება ახალი ეტაპი. ასოცირების შეთანხმებების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ეფექტიანი იმპლემენტაცია და საერთო-ევროპული პრინციპებისა და ღირებულებებისადმი ერთგულება ნათლად წარმოაჩენს შესაბამისი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ევროინტეგრაციისადმი ბუნებრივ სწრაფვას.

მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პრიორიტეტები, რათა ევროკავშირთან ერთად ავაშენოთ საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა წარმატება უსურვა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე.

«სამივე ქვეყანამ გამოიმუშავა ასოცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობის პოზიცია, ადგილი ჰქონდა მოლდოვასა და საქართველოსთან დოკუმენტის პარაფირებას, უკრაინა ემზადება ხელმოწერისათვის. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს დემოკრატიულ სახელმწიფოებრივ რეფორმებს, იმედი გვაქვს ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება სამივე ქვეყნის შემთხვევაში. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, სამივე ქვეყანამ აირჩია ევროკავშირთან დაკავშირების, დაახლოების გზა, ისინი თავიანთ ქვეყნებში განაგებენ დისკუსიებს, ევროკავშირი ყოველთვის მიუთითებს რუსეთს თავისი პასუხისმგებლობისაკენ. ჩვენ გვინდა მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ რომელი გზით წავიდნენ და სწორედ ამას ეძღვენება ჩვენი დღევანდელი შეკრება", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

იხილეთ ბმულები: 

ასოცირების შეთანხმება

http://www.youtube.com/watch?v=FQRIbWAUGRA

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია