myrights.ge
"საქართველოს ბანკის" მომავლის ფონდი" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს. გამოყოფილი 1 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსების ფარგლებში, მეორე საგრანტო კონკურსში განაცხადების შემოტანა შეუძლიათ საინიციატივო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებს, რომლებიც შშმ ბავშვთა საკითხებზე მუშაობენ. მეორე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება თემებს, ამხანაგობებსა და სამეზობლოებსაც შეუძლიათ.
პროექტები მიმართული უნდა იყოს შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, საგანმანათლებლო აქტივობაზე და ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 29 მაისიდან - 15 ივნისის, 18:00 საათამდე, რისთვისაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ ელფოსტაზე: გრანტს@ბოგ.გე. კონკურსში გამარჯვებულ 10-მდე პროექტს, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2014 წლის 1 ივლისამდე გამოავლენს. თითოეული გრანტის მოცულობა 25 000 ლარამდე განისაზღვრება. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს "საქართველოს ბანკის" მომავლის ფონდი" გაუწევს.
პირველი საგრანტო კონკურსი "საქართველოს ბანკის" მომავლის ფონდმა" 2014 წლის თებერვალში გამოაცხადა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერის მიზნით 13 პროექტი დააფინანსა, საერთო მოცულობით - 300 000 ლარი. 13-ვე პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და რამდენიმე მათგანი დასრულების ფაზაში შედის. სადღეისოდ, უკვე მოეწყო მძიმე აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის სპეციალური სასწავლო კლასი თბილისის 198-ე და მე-200 საჯარო სკოლებში, ასევე დამონტაჟდა ეტლით მოსარგებლე შშმ ბავშვთათვის ადაპტირებული პირველი საქანელა თბილისში, ზოოპარკის ტერიტორიაზე.
საგრანტო კონკურსის ყველა გამარჯვებულ პროექტს "სიცოცხლის ხის" სტატუსი ენიჭება, რაც ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლოს წარმოადგენს.
იხილეთ ბმული:
http://www.foundation.ge/