myrights.ge
დავით ახალაიას ექსტრადიციასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ახალაიას აეკრძალა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება და დაეკისრა ვალდებულება კვირაში ერთხელ გამოცხადდეს შესაბამის პოლიციის ორგანოში, სანამ საბერძნეთის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას დავით ახალაიას ექსტრადიციის შესახებ.
„2014 წლის 29 მაისს საბერძნეთის რესპუბლიკის პატრას სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის საკითხის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით პატრას პროკურატურას დაევალა საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა, რაც უზრუნველყოფილ იქნება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საბერძნეთის მხარის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის მიღების შემდეგ.
ამასთან, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დავით ახალაიას მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. გირაოს თანხად განისაზღვრა 100 000 ევრო. გარდა ამისა, დავით ახალაიას აეკრძალა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება და დაეკისრა ვალდებულება კვირაში ერთხელ გამოცხადდეს შესაბამის პოლიციის ორგანოში, სანამ საბერძნეთის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას დავით ახალაიას ექსტრადიციის შესახებ.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის რესპუბლიკის პატრას სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია. საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ექსტრადიციის საკითხის განხილვა გაგრძელდება საბერძნეთის მხარისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ექსპერტი კახა კახიშვილი ასეთ კომენტარს ავრცელებს:
„ფაქტი, რომ დათა ახალაია საბერძნეთში დააკავეს, ეს არა პროკურატურის მხრიდან, არამედ მესამე პირების დახმარებით გახდა ცნობილი ჩვენთვის.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის ბურუსით მოცული დათა ახალაიას საქმე.
სანამ ახალაიას აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული და საბერძნეთის ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვს, საქართველოს პროკურატურამ შესაბამისი მასალები უნდა მიაწოდოს საბერძნეთის სასამართლოს, რათა სასამართლომ ექსტრადიციის საკითხი გადაწყვიტოს.
კონკრეტულად, როცა საექსტრადიციო საკითხი იხილება, პირველ რიგში დგინდება, ის ქმედება, რომლის გამოც პიროვნება პასუხისგებაშია მიცემული, ისჯება თუ არა იმ ქვეყანაში, სადაც პიროვნებაა დაკავებული.
შემდეგ, სასამართლო არკვევს, არის თუ არა დევნა პოლიტიკური ან სხვა მოტივით, რომლის შემდეგაც, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადაციის შესახებ.
ახალაიას ადვოკატები, პოლიტიკურ მოტივებზე ააგებენ მის დაცვას, წაიღებენ ბაჩო ახალაიას საქმესაც. რომელსაც დაემატება „ნაციონალების" მიერ მომზადებული დოკუმენტაცია, რომ ახალაია მათი სახე, ლიდერია.
თუ მთავარი პროკურატურა საბერძნეთის სასამართლოს გაუგზავნის მყარ მასალებს - ექსტრადირების საკითხი გადაწყდება. ვიმეორებ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროკურატურის ინტერესში შედის.
ასეთი სურათი შევნიშნე, თითქოს, როცა პროცესი გამამართლებელი განაჩენით მთავრდება, მაინც და მაინც არ ადარდებს პროკურატურას".
შეგახსენებთ, რომ დათა ახალიას სასამართლო პროცესიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მისმა ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა გააკეთა: „საბერძნეთის სასამართლომ გაათავაისუფლა დათა ახალაია, რადგან საქართველოში ხორციელდება პოლიტიკური დევნა და სასამართლომ ექსტრადიციის საკითხის განხილვის პროცესში გაათავისუფლა დარბაზიდან“.
დათა ახალია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. ის საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ნავთლუთის სპეცოპერაცია და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.