myrights.ge
სახალხო დამცველი ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ბავშვს და უსურვებს მათ ღირსეულ, ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებას, მათი ჭეშმარიტი ინტერესების სრული გათვალისწინებით განვითარებას.
„ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.
მიუხედავად სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა, ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა უკიდურესი სიღატაკე, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული რთული მდგომარეობა, მაღალმთიანი რეგიონებში განსაკუთრებით შემაშფოთებელი ვითარება, ადრეულ ასაკში ქორწინების მზარდი ტენდენციები; ბავშვთა შრომა და მიტოვებული ბავშვები – ეს მხოლოდ ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების არასრული ჩამონათვალია.
სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ამოწმებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას, მონიტორინგს ატარებს ბავშვთა ღია და დახურულ დაწესებულებებში, სწავლობს ბავშვის უფლებების დარღვევების ცალკეულ შემთხვევებს.
სახალხო დამცველის ოფისი მომავალში კიდევ მეტ ძალისხმევას მიმართავს ბავშვთა უფლებების დასაცავად და შეეცდება მაქსიმალურად გამოავლინოს უფლებადარღვევათა ფარული შემთხვევები, შეიმუშაოს და განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელს და უფლებადაცვით საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.
სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ მთავრობის მიერ ახლახანს შემუშავებულ ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში ასახული ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები დროულ რეალიზაციას ჰპოვებს და საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვის კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ასევე, სახალხო დამცველმა, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, დებატები გამართა თემაზე „ბავშვის მიმართ ძალადობა საქართველოში – ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?“
ბავშვის მიმართ ძალადობის ფართო სფეროდან დებატის თემად შერჩეული იყო ორი მიმართულება: ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის პრობლემა სკოლასა და ოჯახში.
შეხვედრას მოდერატორობა გაუწია არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ბავშვების“ ხელმძღვანელმა ჯაბა ნაჭყებიამ.
დებატებში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა, პრობლემით დაინტერესებულმა საზოგადოებამ.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ბავშვთა მიმართ ძალადობის თემით საზოგადოების დაინტერესებას, ისაუბრა ამ პრობლემის განსაკუთრებულ აქტუალობაზე და სახელმწიფოს მხრიდან სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობაზე.
სახალხო დამცველის მოადგილემ აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები სასარგებლოა პრობლემის გადაჭრის ერთიანი გზების დასახვისათვის და ამ მიმართულებით სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობით, ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის.
სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა მიმოიხილა სახალხო დამცველის აპარატში შემოსული საჩივრები, რომელთა უმეტესობა ეხება ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობას სკოლაში – მასწავლებლისა და ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფის ფაქტებს.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა დარეჯან დვალიშვილმა აუდიტორიას 2013 წლის კვლევის მონაცემები გააცნო, რომელთა მიხედვითაც, ბავშვის ფიზიკური დასჯა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ბავშვის აღზრდის ეფექტურ საშუალებად მიაჩნია; სახელმწიფო სოციალურ მუშაკთა ნაწილი ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობას ოჯახის შიდა პრობლემად მიიჩნევს, ხოლო გამოკითხულ პოლიციელთა ერთ ნაწილს ბავშვის მიმართ ძალადობაზე რეაგირება, მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე და განმეორებად შემთხვევებზე მიაჩნია მიზანშეწონილად.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასამართლო საქმეების წარმოების სამმართველოს უფროსმა ბიძინა ხარაზიშვილმა განქორწინებული მშობლების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლის პრობლემაზე ისაუბრა. აქვე აღნიშნა, რომ ბავშვის უფლებების სფეროში მოსამართლეთა შემდგომი გადამზადების, საკანონმდებლო ბაზისა და აღსრულების პროცესის მექანიზმის დახვეწასთან ერთად, აუცილებელია საყოველთაო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებრივი და მედია კამპანიების ჩატარება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტები კვალიფიცირებული უნდა იყოს როგორც დანაშაული.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა აუდიტორიას საჯარო სკოლაში ძალადობის დაძლევის მიმართულებით სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგია გააცნო.
დისკუსიამ ცხადი გახადა თემის სიმწვავე და ისიც, რომ ბავშვის მიმართ ძალადობა არაერთ პრობლემურ სფეროს მოიცავს. წამოიჭრა არასრულწლოვან დამნაშავეთა და ზოგადად, რთული ქცევის მოზარდებისადმი საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების საკითხი; დამსწეთ ასევე აინტერესებდათ, რამდენად ლეგიტიმურია მანდატურის სამსახურის მოზარდთა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ინიციატივა - განხორციელების აუდიო–ვიდეო ჩაწერები რთული ქცევის მოზარდების ფსიქოლოგიური კონსულტაციის დროს.
სახალხო დამცველის აპარატი ბავშვის უფლებათა დაცვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს პერიოდულად შესთავაზებს საზოგადოებას.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, უახლოეს მომავალში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ ბავშვთა დაფინანსების პრობლემებს გადაჭრის.
პროექტი, რომელიც სოლიდარული საზოგადოების პრინციპებს ეფუძნება, მთავრობის მეთაურმა დღეს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში სტუმრობისას დააანონსა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომლის ექსპონატებიც საგანმანათლებლო პროგრამის - "შეეხე ისტორიას ხელებით" ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მოზარდებს საკუთარი გარემოს, წარსულის, სამყაროს შემეცნებაში ეხმარება და ბავშვებში ცოდნისადმი მისწრაფებას აღძრავს.
პრემიერის განმარტებით, ბავშვებისა და მოზარდების განვითარების ხელსაყრელი გარემოს შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მთავრობა მსგავს ინიციატივებს ყოველთვის მხარს დაუჭერს.
„ჩვენ მრავალ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ - სკოლებში სახელმძღვანელოები უფასო გახდა, ასევე სახელმწიფო აფინანსებს სწავლას 17 ფაკულტეტზე. მომავალშიც მრავალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. უახლოეს დღეებში გაიმართება ძალიან საინტერესო პროექტის პრეზენტაცია, რომელიც იქნება იმის დემონსტრირება, როგორ უნდა განვავითაროთ სოლიდარული საზოგადოება. ამ პროექტის მიზანი იქნება, რომ საქართველოში არც ერთი ბავშვი არ იყოს დარჩენილი უყურადღებოდ, ვგულისხმობ მძიმე სენით დაავადებულებს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მათთვის მკურნალობის სახსრები გამოინახოს. მე, როგორც მთავრობის მეთაური პირადად ვიქნები იმ პროექტების წამახალისებელი, რომელთა მიზანიც იქნება ბავშვების ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში აღნიშნა. ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპული მეომრების შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს, მათ შორის მხედველობა და სმენადაქვეითებულ ბავშვებს უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ მათ ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს, მათთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს და საჩუქრები გადასცეს.
სასახლის ეზოში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. წარმოდგენები გამართეს ბასტი ბუბუს, მოძრაობის თეატრის, გასართობი ცენტრის „ნევერლენდის“ მსახიობებმა. ინკლუზიური განათლების სკოლების აღსაზრდელებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს და ექსპონატები პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ბმული:
ბავშვის უფლებათა კონვენცია