myrights.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოვიდა კანდიდატების ცალკეული განცხადებები, სადაც საუბარია ზეწოლის ფაქტებზე, რის გამოც ისინი იძულებული ხდებოდნენ მოეხსნათ საკუთარი კანდიდატურა. ეს პროცესი სახიფათოა, ვინაიდან შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო სიის გაუქმება. მსგავს ფაქტებზე ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და არჩევნებში ჩართულმა სხვა მხარეებმაც.
აღნიშნული ქმედებები პირდაპირი საშიშროებაა, რომ შეიქმნას არათანაბარი საარჩევნო გარემო და ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს.
არსებითად მნიშვნელოვანია, აღიკვეთოს ქმედებები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს არჩევნებზე, ვინაიდან ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო უფლება, შევქმნათ ყველა პირობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და კენჭისყრის დღე წარიმართოს თანაბარ და სამართლიან გარემოში.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ პასუხისმგებელ უწყებებს, მიიღონ შესაბამისი ზომები მსგავსი ზეწოლის ფაქტების გამოძიების, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადაუგზავნის სამართალდამცავ ორგანოებს მის ხელთ არსებულ მონაცემებს დაოყოვნებლივ რეაგირებისთვის“,–ნათქვამია განცხადებაში.
ამავე პრობლემატიკაზე განცხადებას ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ არც ერთ რაიონში, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საქართველოს არც ერთ რაიონში ჩვენ არ უნდა დავუშვათ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვება. ეს იქნება პირველ რიგში დამაზიანებელი იმ რაიონის მოსახლეობისთვის, რომელმაც შეიძლება, რომ აირჩიოს სხვა პოლიტიკური ძალის გამგებელი თუ მერი. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი.”
ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სიტყვები, რომელიც მან გუშინ ოზურგეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენისას თქვა.
ოზურგეთში ღარიბაშვილმა უკვე ღიად გამოაცხადა ის, რასაც ბოლო ორი კვირაა სწორედ პრემიერ-მინისტრის დავალებით სჩადის საქართველოს ხელისუფლება.
დიახ, საქართველოს ხელისუფლება არ და ვერ დაუშვებს, რომ რომელიმე სოფელსა თუ რაიონში გაიმარჯვოს სხვა პოლიტიკურმა ძალამ და ამისათვის ყველაფერს აკეთებს, აშანტაჟებს და აშინებს კანდიდატებს, ზეწოლას ანხორციელებს მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, იყენებს ძალოვანი სტრუქტურების ყველანაირ რესურსს და მაქსიმალურად ცდილობს არჩევნების შედეგი არჩევნების დღემდე გააფორმოს.
სწორედ ეს ხდება საქართველოს უმეტეს საარჩევნო ოლქებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ამ დაშინებებისა და ზეწოლის უშუალო შემსრულებელი და ამ პროცესს კოორდინაციას მინისტრის პირველი მოადგილე ზედელაშვილი უწევს.
განსაკუთრებული აქტივობაა ქვემო ქართლში. ამ პროცესს რეგიონში სამხარეო პოლიციის უფროსი კვიციანი ხელმძღვანელობს.
დმანისის საარჩევნო ოლქში შექმნილი სიტუაცია საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. მიუხედავად ცესკოს თავმჯდომარის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებისა, მიუხედავად პრესის საკმაო მაღალი ყურადღებისა, ზეწოლა, დაშინება და შანტაჟი ისევ გრძელდება. ამ პროცესს დმანისის პოლიციის უფროსი გიგანი ხელმძღვანელობს.
30 მაისს, ს/ბ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ორმა კანდიდატმა „საკუთარი სურვილით“ უარი განაცხადა კანდიდატობაზე. ესენი არიან მარინა ბეგდარაშვილი (პარტიული სიის N16) და შოთა ადუაშვილი (პარტიული სიის N6 და განთიადის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი). ამ უკანასკნელთან გუშინ დილით თბილისიდან ჩამოვიდა მისი ძმისშვილი - მევლუდ ადუაშვილი, და აიძულა ბიძა განცხადება დაეწერა, რათა მას და მის ბიზნესს პრობლემები არ შექმნოდა.
დაძაბული ვითარებაა მარნეულის საარჩევნო ოლქშიც. საკითხი შეეხება ს/ბ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატს - აკმამედ იმამგულიევს. პირველივე დღიდან, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ბატონი იმამგულიევი იქნებოდა გამგებლობის კანდიდატი, საკმაოდ ბევრი ადამიანის, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების, მათი ნათესავების, პარლამენტის წევრების მხრიდან იყო პირდაპირი მცდელობა, რათა დაეთანხმებინათ იმამგულიევი მოეხსა კანდიდატურა. თუმცა ვერანაირი დაპირებებითა და დაშინებით შედეგს ვერ მიაღწიეს.
ამჟამად ახალი მცდელობა წამოიწყეს - დღემდე სრულიად უცნობი არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციის „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ თვმჯდომარის ემზარ პაქსაძის სახელით ცესკოში შევიდა განცხადება იმამგულიევის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, იმ მოტივით რომ მას ბოლო ორი წელი მუდმივად არ უცხოვრია საქართველოში.
მივმართავთ ცესკოს, გამოიჩინოს ობიექტურობა, დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ერთერთი მთავარი მოვალეობა - ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უზრუნველოს თანაბარი, ერთგვაროვანი საარჩევნო პირობები და გარემო. არ გახდეს ხელისუფლების ბრმა ინსტრუმენტი კანდიდატებსა და საარჩევნო სუბიექტებზე ზეწოლის აღვირახსნილ კამპანიაში.
მივმართავთ უწყებეთაშორის კომისიას, უზრუნველყოს კანდიდატებზე ზეწოლისა და მათი შანტაჟის თითოეული ფაქტის გამოძიება და კანონით დაგენილი ზემოქმედების განხორციელება.
მივმართავთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებს განახორციელონ მონიტორინგი თითოეულ ასეთ ფაქტზე“, – ნათქვამია ენმ–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ზეწოლის ან მუქარის ფაქტი კონკრეტული პოლიციელის მხრიდან, ის კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას უზრუვნელყოს არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ განახლდა და დამტკიცდა „არჩევნების პერიოდში შსს-ს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“. აღნიშნული დოკუმენტი ასახავს ბოლო დროს განხორციელებულ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას და არეგულირებს პოლიციელის უფლება-მოვალეობებს არჩევნების მსვლელობისას. დოკუმენტი განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე, მათთვის კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს. გარდა ამისა, ინსტრუქცია ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ მოთხოვნილი და გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელები იყოს სამართალდარღვევის პროპორციული, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი დარღვევების პრევენცია“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
იხილეთ ბმული:
არასამთავრობო ორგანიზაციები ათ საარჩევნო ოლქში კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ