ბლოგი
ალიკა ტალიური, ლოკალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მკვლევარი
დაბრუნდება თუ არა მსოფლიო ცივი ომის ეპოქაში? პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 100 წელი გავიდა და კარგი იქნება თუ გავიხსენებთ არა მარტო მისი დაწყების მიზეზებს, არამედ შედეგებს, რადგან ვერსალის ხელშეკრულება მე-2 მსოფლიო ომის დაწყების ერთ-ერთ ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორი აღმოჩნდა. თუ დღემდე განხორციელებული ან მიმდინარე კრიზისები ლოკალური ომებისა თუ შეიარაღებული კონფლიქტების სახით, ატარებდა შედარებით ვიწრო პოლიტიკურ თუ სამხედრო ხასიათს, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მიიღო აშკარად გამოხატული გლობალური დაპირისპირების ფორმა, რაც გამოიხატება ახალი პოლიტიკურ-სამხედრო და თავისთავად ეკონომიკური გავლენების გადანაწილებაში, მსოფლიოს ცივი ომის ეპოქაში დაბრუნებას რაც მიანიშნებს. მიუხედავად დასავლეთისა და ამერიკის ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებებისა, სახეზეა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიმართ. 21-ე საუკუნის გლობალური ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულობის ფონზე მიღებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რასაკვირველია, წამგებიანი იქნება დასავლეთისთვისაც. ისტორიულად ეკონომიკური სანქციების ინსტიტუტი შემოღებული იყო 1920 წელს და ამოქმედდა 1960 წლებიდან ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორებიც არიან: ირანი, ტანზანია, ზიმბაბვე, სამხრეთ აფრიკა, ყოფილი სსრკ, ერაყი, ინდოეთი და ჩინეთი, თუმცა, რაიმე განსაკუთრებულ ზეგავლენა არასოდეს მოუხდენია გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში. ეს მშვენივრად იცის დასავლეთმა და რეალისტურადაც აფასებს იმ პერსპექტივების, თუ რა შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტის ესკალაციას მსოფლიოსათვის.
ეს დაპირისპირება თავიდან ატომურ ელემენტსაც კი იძენდა – ხმელთაშუა თუ შავი ზღვის აკვატორიაში საზღვაო სტრატეგიული საშუალებების გამოჩენამ ამერიკის მხრივ, ხოლო რუსეთის სათანადო საშუალებით რეაგირებამ და მსოფლიოსთვის იმის შეხსენებამ, რომ იგი რჩება ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ ატომური არსენალის მფლობელობით, მსოფლიოს აშკარად ატომური ომის საფრთხე შეახსენა, რამაც თავისთავად გამოაფხიზლა ყველა და მათ შორის უკრაინელი პოლიტიკოსებიც; რადგან დაპირისპირების ამ ფორმტაში ისინი აღმოჩნდებოდნენ ამ პროცესების ეპიცენტრში, თუნდაც ტაქტიკურ დონეზე. სიფხიზლემ იმარჯვა, ატომური დამტვერიანების საშიშროებამ მოხსნა დღის წესრიგიდან, თუმცა, სამხედრო ესკალაციამ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიიღო აშკარად გამოხატული შეიარაღებული კონფლიქტის ფორმა, ხოლო დღეისათვის ჩართული ძალების და საშუალებების ფონზე ეს უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე ანტიტერორისტული ოპერაცია და თუ არა პრორუსულად განწყობილი ძალების არაადეკვატური შეიარაღება, შესაძლოა, რეგიონალური კონფლიქტის მოწმეები ვყოფილიყავით, რისი გამორიცხცა პრინციპში არც შეიძლება, რადგან როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ანალოგიურ შემთხვევებში სუსტის მხარეს ყოველთვის ჩნდება უხილავი ძალა, რომელიც მზად არის უსასყიდლოდ გადასცეს ის საბრძოლო საშუალებები, რომელთა მეშვეობით ხერხდება დაპირისპირებულ მხარეების ძალათა დაბალანსება.
კონფლიქტში ვითარებას უკიდურესად ართულებს მძიმე შეიარაღებისა და ტექნიკის, განსაკუთრებით კი რეაქტიული სისტემების „გრადის“ და „ურაგანის“ ტიპის საშუალებების გამოჩენა. ისინი წარმოადგენენ ოპერატიულ-ტაქტიკური დონის საშუალებებს და გამოიყენება ფართობითი ამოცანების შესასრულებლად და არა ერთეული მიზნის, ან ობიექტის გასანადგურებლად. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია უკრაინის მხარეს გადაწყვეტილი ჰქონდეს დონეცკის, ან ლუგანსკის „გროზნო-2“-ად გადაქცევა. საერთოდ, ბრძოლა ქალაქში წარმოადგენს 6-დან ერთ-ერთი ბრძოლის სახეობას განსაკუთრებულ პირობებში, რაც მოითხოვს პირადი შემადგენლობის სათანადო მომზადებას და შეიარაღებას, აგრეთვე ოპერაციის დაგეგმის პროცესში სათანადო სპეციფიკის გათვალისწინებას.
რასაკვირველია, მიმდინარე პროცესები არ შეიძლება განხილულ იქნას კავკასიის რეგიონების და კერძოდ, საქართველოს გარეშე. ეს განპირობებულია როგორც გეოპოლიტიკური, აგრეთვე სამხედრო თვალსაზრისითაც. თუ აქამდე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ჯდებოდა ქვეყნის ინტერესების ჩარჩოებში, თავდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებების განთავსების თაობაზე, დაბნეულობა შემოიტანა არა მარტო კავკასიის, არამედ საქართველოს ხელისუფლების კულუარებშიც, რაც დადასტურდა იმ არაადეკვატური კომენტარებით, რომლებიც გაჟღერდა უშიშროების საბჭოს მდივნისა თუ საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. ეს იდეა თავისთავად ცვლის ძალთა ბალანსს კავკასიის რეგიონში და სათანადო რეაგირებას გამოიწვევს ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით, ამ სისტემების განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე წინ უნდა უსწრებდეს საკმაოდ სერიოზული მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, საინჟინრო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარების ვრცელ საქმიანობაში, რადგან ამ კომპლექსების განთავსება და საბრძოლო მორიგეობა დამოკიდებულია ამ კომპონენტების სათანადო განლაგებაში და მათ გამართულ სინქრონიზირებულ მუშაობაში. ასეთი დონის რაკეტ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებების გამოყენება/განთავსება წარმოადგენს სტრატეგიული მასშტაბის სახელმწიფო დონის საკითხს და არა ერთი რომელიმე სამინისტროს პრეროგატივას. ამიტომ, ასეთი სახის საკითხების განხილვა-გაჟღერება შესაძლებელია მხოლოდ კომპეტენტური ანალიზის შემდეგ, გარკვეულ დროს და ადგილას. ისე, სამხედრო-ტექნიკური ექსპერტები დამეთანხმებიან, იდეიდან განხორციელებამდე საჭიროა არა ერთი წელი.
და ინტერესს იწვევს კიდევ ერთი არანაკლებ საინტერესო მომენტი, კერძოდ, რა რეაქცია მოჰყვება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება ჩვენს ტერიტორიაზე. ბუნებრივია, გაჩნდა რიტორიკული კითხვა - განა ეს მოგვცემს ამ რეგიონების უკან დაბრუნების შესაძლებლობას? თუ მივიღებთ ვითარებას ჩრდილო და სამხრეთ კორეის სახით ან როგორ წარმოუდგენია ზოგიერთ პოლიტიკოსს საქართველოს ტერიტორიაზე ორი არცთუ მეგობრული ქვეყნების სამხედრო კონტიგენტის განლაგებამ რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას.
აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენაბმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არსებული დე–ფაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება წარმოადგენს მხოლოდ ორი პრორუსული ძალის პოლიტიკურ კონფლიქტს და არა პროქართულს, რაც თავისთავად მიანიშნებს ქართული მხარის სრულ უმოქმედებას ან მოქმედებას აღშფოთების სახით დასავლელ პარტნიორებთან ერთად. დღეისთვის ცალსახაა, ჩვენი ამგვარი პოლიტიკით წარმოუდგენელია აღნიშნული კონფოლიქტების მოგვარება ჩვენ სასარგებლოდ.
რაც შეეხება უშუალოდ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, მიმაჩნია, რომ ეს გამოწვეულია რუსეთის წინაშე ახლად დამდგარ საერთაშორისო თუ რეგიონალური რეალიების გამო, მათ შორის შავი ზღვის აკვატორიის თუ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ფარგლებში. და როგორც წესი ახალი ამოცანები მოითხოვს ახალ კადრებს. ჩვენდა სამწუხაროდ, აფხაზეთში განვითარებული მოვლენები რჩება ჩვენთვის ხელმიუწვდომელი, ხოლო მათი შედეგები ნაკლებად მოსალოდნელია ატარებდნენ საქართველოს ინტერესების ელფერს.