მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
myrights.ge
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელეს და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში განხორციელებულ უმაღლესი დონის ვიზიტებს და მათ შედეგებს ქვეყნის უსაფრთხოების ჭრილში.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, საბჭომ ასევე იმსჯელა 2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში ქართული შეიარაღებული კონტიგენტის განახევრების საკითხზე.
"ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, ამას ესაჭიროება სათანადო პროცედურები. ამ საკითხში აუცილებლად იქნება ჩართული საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, უშიშროების საბჭო და პარლამენტი. თუმცა არსებობს გეგმა, მონახაზი, რომ მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი განახევრდება და შეადგენს მაქსიმუმ 700 სამხედრო მოსამსახურეს", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
საბჭოს სხდომას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი დაესწრნენ.
იხილეთ ვიდეობმული:
http://www.youtube.com/watch?v=TLMl8utvHlk