არასამთავრობოები: საგამოძიებო ორგანოებმა და უწყებათაშორისმა კომისიამ უმოკლეს ვადებში დაადგინონ და გამოიძიონ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები
myrights.ge
მიმდინარე წინასააარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და თავისუფალ საარჩევნო გარემოში ჩატარება ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. მივესალმებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას ამ პროცესში. ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე ჩაატარა პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ერთხმად აღიარა საუკეთესოდ და შეფასდა დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტით ჩატარებულად. დარწმუნებულები ვართ, რომ ასე ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება და არჩევნები წარიმართოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში.
ნებისმიერი მოქმედება, იქნება ეს პოლიტიკური კონკურენტების მიმართ ზეწოლა თუ მუქარა, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ განხორციელებული აგრესია, რომელი პოლიტიკური ძალის მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, პირდაპირ ემუქრება სამართლიანი არჩევნების პრინციპს და იმიჯს ულახავს ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა. არც ერთი კანონდარღვევა არ დარჩება სამართლებრივი შეფასების გარეშე, სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას და სათანადო რეაგირებას განახორციელებენ მომხდარზე.
რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობასა და გადაწყვეტილებებში ხელისუფლება არ ერევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურებიან:
„2014 წლის 6 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქცია სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დღის განმავლობაში ზუგდიდში საპროტესტო აქციას მართავდნენ 2008 წელს გაუჩინარებული, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას ოჯახის წევრები და ახლობლები. ამ აქციას დღის მეორე ნახევარში შეურთდნენ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ და ოფისში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბის წარმომადგნლებს, შეაფურთხეს გამგებლობის კანდიდატს თენგიზ გუნავას, რის შემდეგაც ორივე მხარე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპიდა. სახის არეში დაზიანება მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან სალომე მაქაცარიამ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ გუნავას კანდიდატურის მოხსნას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ დაზვერვის ოფიცრის დაკარგვისა და გარდაცვალების საქმეში თენგიზ გუნავაც არის გარეული, რადგან მას იმ პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები შეხვდნენ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ასევე – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბის მირ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქციაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პირებმა:
ედემ კეკუტია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიას რწმუნებული, საშა მოლაშხია – ზუგდიდის ფოსტის თანამშრომელი, ვლადიმერ ქვარცხავა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის რწმუნებული, ბესიკ კოზუა – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტერიტორიული ორგანის სპეციალისტი, გიორგი სალია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი, დავით სორდია – ზუგდიდის ფოსტის უფროსი და ალექსანდრე მოლაშხია – ზუგდიდის ფოსტის თანამშრომელი.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ახალგაზრდული ფრთიდან: გიგა ლუკავა, მანუჩარ მალანია, მალხაზ მალანია, მარიამ აბრავალა, ლევან კუკავა, ზაზა ზარანდია, მურთაზ ლაგვილავა, ბექა ჯიქია, თენგიზ აბულაძე, გოგა ღადუა, მიშა ჯანაშია, ზაზა ზარანდია და გიგა სიჭინავა.
ნანა წითლიძე, ზუგდიდის რაიონული საავამდყოფოს ექიმი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, აქცია და შემდგომი დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის მიერ იყო ორგანიზებული.
ქართული ოცნების ინფორმაციით:
ჩვენს წარმომადგენელთან საუბრისას ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბის წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს, რომ აქციაში შესაძლოა მონაწილეობა მიეღოთ „ქართული ოცნებისა“ მომხრეებსა და შტაბის წევრებს, თუმცა კატეგორიულად უარყვეს ამ აქციის ორგანიზებასთან პარტია „ქართული ოცნებისა“ და ზუგდიდის შტაბის კავშირი.
სამართალდამცავ ორგანოთა აქტივობა:
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად იმუშავეს და მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი დაძაბულობის განმუხტვას. ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთს 7 მაისს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრა.
ჩვენი წარმომადგენლის მიერ ინციდენტის ადგილზე მისვლისას დაფიქსირებულ იქნა ქართული ოცნების რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის მანუჩარ მალანია, მალხაზ მალანია, კოტე გურგულიანი, ალექსანდრე მოლაშხია, მურთაზ ლაგვილავა, თემო კიკალეიშვილი, გიორგი კიკალეიშვილი და გიგა ლუკავა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან, რამაც წინასაარჩევნო პერიოდში მეტი დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს.
თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა და უწყებათაშორისმა კომისიამ უმოკლეს ვადებში დაადგინონ და გამოიძიონ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები და დააკისრონ პასუხისმგებლობა შესაბამის პირებს“, – ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივი თვითმმართველობების მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის საელჩომ:
„სულ უფრო მეტი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ცნობებს 15 ივნისის მუნიციპალური არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და კონკრეტულ ადგილებში, საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე მიტანილი აგრესიის შესახებ. მოვუწოდებთ ხელისუფებას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები და გადადგას ნაბიჯები, როგორც ტექნიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოს ამ არჩევნებში საერთაშორისოდ აღიარებული იმ მაღალი სტანდარტების დაცვა, რომლითაც ბოლო ორი არჩევნები გამოირჩა. მთავრობისათვის, თითოეული პარტიისა და საარჩევნო ოლქისათვის მნიშვნელოვანია, შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ რეგიონში დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებაში“.