myrights.ge
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, ახალქალაქში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც "თავისუფალი საქართველოსა" და "ახალი მემარჯვენეების" სარჩელები განიხილება. სხდომას აღნიშნული პარტიების ლიდერები კახა კუკავა და მანანა ნაჭყებია, ასევე კომისიის წევრები ესწრებიან. "თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, შენობაში მობილიზირებული არიან კონტრდაზვერვისა და უშიშროების სამსახურები.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ახალქალაქის საარჩევნო კომისიამ 18 ივნისს პირველ სხდომაზე განიხილა "თავისუფალი საქართველოს" და "ახალი მემარჯვნეების" 4 სარჩელი და არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა, რაც მოსარჩელე მხარის და მათი მხარდამჭერების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. "მოგვიანებით საოლქო კომისია გადაყვანილ იქნა კონტრდაზვერვის სამსახურის ოფისში, შენობა ყვითელი ლენტებით იქნა შემოსაზღვრული და პოლიციის სრული მობილიზირება განხორციელდა.
"თავისუფალი საქართველოს" და "ახალი მემარჯვნეების" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უკვე მეორე დღეა ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს დაძაბული ვითარების შექმნას", - ნათქვამია "თავისუფალი საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ ცესკოს გუშინდელ განცხადებას, ახალქალაქსა და მარტვილში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:
„№40-ე ახალქალაქის და №65-ე მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომების მიმდინარეობისას, რომლებზეც საჩივრები განიხილებოდა, შეიჭრნენ საარჩევნო სუბიექტის -”არასაპარლამენტო ოპოზიციის” წარმომადგენლები, ხელი შეუშალეს კომისიის საქმიანობას და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კომისიის წევრებს. ორივე შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვის მიზნით აუცილებელი გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.
დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის გადაწყვეტილებებზე ძალადობრივი ფორმით ზეგავლენის მოხდენა; ცესკო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და არ გასცდნენ მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.