უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილი მორატორიუმი არაკონსტიტუციურად სცნეს
myrights.ge
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილი მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მედია-ანალიტიკოსის, მათიას ჰუტერის მიერ იყო შეტანილი.
"საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი საქმეზე "მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ." საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბრამდე გამოცხადებული მორატორიუმი (დროებითი აკრძალვა), რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია, ასევე დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიესალმება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. გამოცხადებული მორატორიუმი უცხოელებს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს უწესებდა და მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა. აღნიშნული შეზღუდვა პრობლემებს უქმნიდა უცხოელ ინვესტორებსაც, რომელთა ქვეყანაში მოზიდვა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან გაუქმებულია ნორმები, რომლებიც კრძალავს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შეძენას“, – ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განცხადებაში.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორი და არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო“.