„პროკურატურის მიერ გამგზავრების უფლების აკრძალვის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა“
myrights.ge
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გიგი უგულავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გიორგი უგულავა დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი უგულავა როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, დანაშაულში ჩართულ სხვა წევრებთან ერთად, მათ შორის ამავე საქმეზე დაკავებულ მის ქვისლ გიორგი ღონიაშვილთან და ლატარიის კომპანიის ყოფილ დირექტორთან, დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორ, ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად, ახორციელებდა ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. „შავი ფულის“ მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას, რაც შემდგომში უნდა მოხმარებოდა პოლიტიკური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.
კერძოდ, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიიდან, „ექსიმუს ჰოლდინგიდან“, რომლის დირექტორიც არის ბრალდებულის სახით ძებნილი ალექსანდრე გოგოხია, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე თანხა ირიცხებოდა ასევე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის, „ბრუქთრეიდის“ ანგარიშზე, საიდანაც ფიქტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უკვე ხვდებოდა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში, ხდებოდა აღნიშნული თანხის კონვერტაცია და გიორგი ღონიაშვილზე გადაცემა. პატიმრობაში მყოფი ღონიაშვილი, თავის მხრივ უკანონო შემოსავალს გადასცემდა გიორგი უგულავას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით.
საერთო ჯამში, ოფშორული კომპანიიდან საქართველოში ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ფულის გათეთრების გზით უნდა გადმორიცხულიყო 1 500 000 აშშ დოლარი, ხოლო გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად განხორციელდა მხოლოდ 760 000 აშშ დოლარის გადმორიცხვა. აღნიშნული თანხა გიორგი უგულავამ გამოიყენა პარტიული მიზნებისთვის.
რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ გიორგი ღონიაშვილს, სასამართლომ მას უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო ალექსანდრე გოგოხიას მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გიორგი უგულავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 და 3-ე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-12 წლამდე ვადით.
საქმეზე მიმდინარეობს შემდგომი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:
„პარტიის ლიდერი და კამპანიის ხელმძღვანელი გიგი უგულავა თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრებდე რამდენიმე სააათით ადრე დააკავეს.
პოლიციამ უგულავა „აუცილებელი საჭიროების“ გამო, დაკითხვის მიზნით დააკავა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ გამგზავრების უფლების აკრძალვის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
უგულავა აეროპორტში მედიის თანხლებით გამოჩნდა და გამგზავრებამდე, თავისი სამგზავრო ბილეთები ინტერნეტში გამოაქვეყნა წინასწარ, რათა ეჩვენებინა რომ საქართველოში დაბრუნებას 3 ივლისს, საღამოს გეგმავდა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სწამს, რომ გიგი უგულავას დაკავება 15 ივნისის შემდეგ დანიშნული რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტურის წინ, მიმართულია საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის დასუსტებისკენ და მთავრობის მიერ ოპოზიციის პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების გაღრმავების ნიშანია.
გიგი უგულავას, როგორც კამპანიის მენეჯერის მონაწილეობა არჩევნებში უმნიშვნელოვანესია მიზნის მისაღწევად დედაქალაქში დანიშნულ მეორე ტურში, სადაც მთავრობა წინასწარ იყო გამარჯვებაში დარწმუნებული.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე სჯერა, რომ გიგი უგულავას დაკავება მოხდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად თანამდებობის პირი არაა, კვლავ რჩება მთავარ გადაწყვეტილების მიმღებად საქართველოს მთავრობაში“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ამავე თემაზე იხილეთ ვიდეობმულები:
https://www.youtube.com/watch?v=pGzwWBv_jUY
https://www.youtube.com/watch?v=JFHaadE1mEI
https://www.youtube.com/watch?v=dMLVV7AKCWE
https://www.youtube.com/watch?v=o2jmrn8aNLs