„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს ყველა კუთხე განვითარდეს, ფეხზე დადგეს და წელში გაიმართოს“
myrights.ge
დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი არჩევნების პრაქტიკას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მან არჩევნების მეორე ტური შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სადაც ყველა ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მიეცა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას, კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს კახა კალაძეს და შტაბის წარმომადგენლებს სტაბილური და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია.
„რამდენიმე საათში უკვე გვექნება არჩევნების წინასწარი შედეგები. მე დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. ამ არჩევნებში ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა, ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს ყველა კუთხე განვითარდეს, ფეხზე დადგეს და წელში გაიმართოს“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
„ძალიან მძიმე, არადემოკრატიული, არათავისუფალი წინასაარჩევნო პერიოდის ბოლოს, როცა არჩევნების მეორე ტურამდე, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დაიჭირეს, როცა ჩვენი არაერთი კანდიდატი, ასევე უსაფუძველოდ, იყო ციხეში, როცა არაერთი კანდიადატი აიძულეს, ბრძოლა მიეტოვებინა, როცა იყო ძალადობა ჩვენს ოფისებზე, შეხვედრებზე, აქტივისტებზე - წახალისებული და ორგანიზებული ხელისუფლების მიერ, ამ უმძიმეს ფონზე, საარჩევნო დღესაც კი, ხელისუფლებამ ცდუნებას ვერ გაუძლო, რომ ძალადობრივი და უკანონო ნაბიჯებისთვის არ მიემართა. იყო ამომრჩევლებისა და დამკვირვებლების დაშინება, ფიზიკური თავდასხმები, ზეწოლა, რაც სრული დაუსჯელობის გაგრძელებაა. ამის მიუხედავად, ჩვენი მთავარი ყურადღება ახლა მიმართულია ხმების დათვლის პროცესზე. ეს არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. არ არის დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. ამ არჩევნებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა სახიფათო მიმართულებით - ქვეყნისთვის არადემოკრატიულ რელსებზე გადასვლის თვალსაზრისით“, - აცხადებს გიგა ბოკერია.