თამარ ჟვანია: ყველაზე კომპლექსური და საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაზე რთული არჩევნები ჩავატარეთ
myrights.ge
თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. თამარ ჟვანიამ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, არჩევნები შეაჯამა და თბილისის საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების ერთიანი ოქმი წარადგინა.
„გილოცავთ 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას და თბილისის საკრებულოში არჩევას. თქვენ წინ მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე სამუშაო წლები გელით. ყველა თქვენგანს წარმატებებს გისურვებთ თქვენი საქმიანობის განხორციელებაში! ...
დღევანდელი დღე შედეგია იმ თავდაუზოგავი შრომის, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ გაწია ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. ადმინისტრაციამ შეძლო ყველა პირობის შექმნა იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეძლებოდა საკუთარი არჩევანის თავისუფლად განხორციელება. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ საქართველოს არჩევნების ისტორიაში ყველაზე კომპლექსური და საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაზე რთული თვითმმართველობის არჩევნები.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები, რომლის შედეგადაც თქვენ დღეს თბილისის საკრებულოს არჩეული წევრები ხართ, უკვე შეფასდა როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი. დღეს ამ არჩევნების შედეგად ქვეყანას 2083 ახალი საკრებულოს წევრი და პირდაპირი წესით არჩეული 4 მერი და 46 გამგებელი ყავს. ძალიან მალე ოფიციალურად გამოვაცხადებთ არჩევნების მეორე ტურის შედეგად არჩეულ 8 თვითმმართველი ქალაქის მერს და 13 მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, ვინაიდან სწორედ მათი შრომის შედეგად შედგა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები.
აქვე მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, - ისინი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ არჩევნებში მონაწილეობას და 2014 წლის არჩევნების კარგად წარმართვის პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
საარჩევნო ადმინისტრაცია საკრებულოების პირველი სხდომების გახსნით დაასრულებს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელოვან ეტაპს.
კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას!“ - განაცხადა საკრებულოს პირველ სხდომაზე თამარ ჟვანიამ.
ახალ საკრებულოში კოალიცია "ქართულ ოცნებას" მაჟორიტარული სისტემით 24 წევრი ჰყავს, ხოლო პროპორციული სისტემით 13, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 7, „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ – 3 და "დავით თარხან მოურავი - პატრიოტთა ალიანსს" - 2 წევრი. კიდევ ერთი წევრი, ალეკო ელისაშვილი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.
განკარგულება 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების შედეგად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის შესახებ ცესკომ 3 ივლისს მიიღო. აღნიშნული განკარგულებით განისაზღვრა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს პირველი სხდომები მოწვეულ უნდა იქნეს 2014 წლის 14 ივლისს და 2 აგვისტოს.
თბილისის გარდა საკრებულოს პირველი სხდომები დღეს თვითმმართველი ქალაქების: რუსთავის, ახალციხის, ამბროლაურის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის და ბათუმის მუნიციპალიტეტებში გაიმართა.
გუშინ, ცესკოს თავმჯდომარემ შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. თამარ ჟვანიამ მედიას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის საბოლოო წინასწარი შედეგები გააცნო.
წინასწარი შედეგები დეტალურად იხილეთ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge