myrights.ge
89 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ნდობა გამოუცხადა.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე, შს მინისტრი - ალექსანდრე ჭიკაიძე, იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ალექსი პეტრიაშვილი, თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი; ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - ელგუჯა ხოკრიშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ დანელია; სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - გელა დუმბაძე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე.
პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობას ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი მთავრობა იქნება მოტივირებული, რათა 24 საათის რეჟიმში ვიმუშაოთ და ყველა ნაკისრი ვალდებულება შევასრულოთ დროულად. საკმაოდ საინტერესო ორდღიანი პროცესი იყო, ოპოზიციას წაკითხულიც კი არ ქონდა სამთავრობო პროგრამა და ისინი მთელი ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ მოსახლეობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სხდომაზე არა ქვეყნის მომავალზე, არამედ ისევ წარსულზე საუბრობდნენ:
„ნებისმიერი პარლამენტისთვის როცა მთავრობის დამტკიცება ხდება, უნდა იყოს მნიშვნელოვანი დღე და საუბარი იმართებოდეს მომავალზე - თუ რას მოუტანს მთავრობა ქვეყანას. სამწუხაროდ, ჩვენი დებატები წავიდა უკვე კარგად ნაჩვევი სტილით – ბრძოლა წარსულთან, საუბარი 9 წელზე და, პრაქტიკულად, არაფერი მომავლის შესახებ“.
იხილეთ ვიდეობმულები:
https://www.youtube.com/watch?v=fEXwVHKiaxk
https://www.youtube.com/watch?v=hNjHCZV7gxY