myrights.ge
ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება. პრემიერი–მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
„2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ხალხისგან მიიღო მკაფიო დავალება, რომ შეექმნა ისეთი სამართლებრივი სისტემა, როგორსაც ის იმსახურებდა, და ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა სამართლიანი სისტემის შექმნას. ჩვენ ხალხისგან მივიღეთ მანდატი, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შესრულების ვალდებულებას გვაკისრებს.
ქართველ ხალხს სურს, რომ საბოლოოდ დაესვას წერტილი დაუსჯელობას, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაბატონებული ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხი მის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან მოითხოვს ისეთ სისტემას, სადაც ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის წინაშე პასუხს აგებს საქართველოს თითოეული მოქალაქე და სადაც თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მაქსიმალურად შეუწყო ხელი ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას. სასამართლო აღარ განიცდის ხელისუფლების გავლენას, მთავარი პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით, პოლიტიკა განდევნილია სასამართლო სისტემიდან, სამართალდამცავი ორგანოები და ჯარი სრულად დეპოლიტიზირებულია, დაცულია ბიზნესი და კერძო საკუთრება, უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლება, მოქალაქეთა ყველა ძირითადი უფლება სრულად დაცულია, დასრულდა ადამიანთა წამება ციხეებში, გაიზარდა მსჯავრდებულთა უფლებები.
დღეს, ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე, მთავარმა პროკურორმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პასუხისგებაში მისცა ისინი, ვინც, სავარაუდოდ, დაარღვია კანონი. პროცესი აბსოლუტურად ღიაა - ქართველ ხალხს და მთელ მსოფლიოს, ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოს, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა სრულად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გააანალიზოს ამ მნიშვნელოვან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს მთავრობა მიესალმება ობიექტურ გამოძიებას, რადგან სწორედ ამ გზით შევძლებთ ჩვენ, რომ საქართველოს სამართლებრივი სისტემა გახდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ჩვენი საბოლოო მიზანია ავაშენოთ ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის წინაშე ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი და კანონზე მაღლა არავინ იდგება“.
„საქართველოს ლიდერები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო იმედგაცრუებას გამოხატავენ“, – ამის შესახებ ნათქვამია სენატორების განცხადებაში, რომელიც ჯონ მაკკეინის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ამერიკის სენატორები ჯონ მაკკეინი, ბენ კარდინი, ჯინ შაინი და ჯიმ რიში ეხმაურებიან საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მთავრობის მრავალი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
„ჩვენ ვართ უკიდურესად იმედგაცრუებული და შეწუხებული მთავარი პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი მთავრობის არაერთი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გამო.
პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა არ იყო უნაკლო, ნებისმიერი დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანია თავიანთი კანონების დაცვა, თუმცა სამართლებრივი დევნა არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური იარაღი და ეროვნული გახლეჩის წყარო, განსაკუთრებით, როდესაც საქართველო დღესდღეობით ბევრი მძიმე გამოწვევის წინაშეა. ჩვენ და ბევრი სხვა მოვუწოდებდით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ქართველ ლიდერებს, რომ ფოკუსირება მოეხდინათ მომავალზე და არა წარსულზე, რომ ქვეყანა წაეყვანათ წინ და არა უკან. თითქმის შეუძლებელია მივხვდეთ რამდენად შეესაბამება ამ მიზანს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ წინა ხელისუფლების უმეტესობა სასამართლოს წინაშე წარდგეს.
საქართველოს ლიდერები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი ქმედება და მისი მსგავსი სხვა ქმედებები დამატებით არასაჭირო გამოწვევებს წარმოშობს ჩვენი ურთიერთობის წინ წასაყვანად“, - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.
ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად ბრალი უკვე წაუყენეს. მასთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს ბრალი ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე წარედგინათ.