„უცხოელებზე მიწის გაყიდვა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის“
myrights.ge
ქართული მიწების ყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ. საკონსტიტუციო სასამართლომ მათთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის უფლების შეჩერება არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა მორატორიუმი, რომელიც პარლამენტმა 2014 წლის 31 დეკემბრამდე დააწესა. რა კონკრეტული საფრთხის შემცველია მორატორიუმის გაუქმება? ამ თემაზე ლოკალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მკვლევარის, ალიკა ტალიურისა და „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, ზვიად ტომარაძის მოსაზრებებს გთვაზობთ:
ალიკა ტალიური: მსოფლიოს ყველა წამყვან და მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ქვეყანას გააჩნია საკანონმდებლო რეგულაციები, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ფასეულობების, ინტერესებისა და საერთო სტრატეგიული მიზნების უზრუნველყოფა ხორციელდება. ეს არც არის დაფარული და შესაბამისად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იგი არსებული გამოწვევების პრევენციას და გადაჭრას უზრუნველყოფს. კონკრეტულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ მიწა წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ სტრატეგიულ რესურსს, ასევე მომავალი თაობის გარანტირებულ საარსებო და საკვებ ბაზას და იმ ეკოლოგიურად სუფთა საკვების რესურსსაც, რაც სადღეისოდ მსოფლიოსთვის ასეთი აქტუალურია; საკვები პროდუქტების შემადგენლობაც განსაზღვრას და ინარჩუნებს ეროვნულ, გენეტიკურ იდენტიფიკაციას და მისი ცვლა ხელს უწყობს ორგანიზმის გადაგვარება-დასუსტებას და ახალი სახის დავაადებების გამოჩენას – ამის მაგალითებმა ჯანდაცვის სფეროში დღეისთვის უკვე იჩინა თავი.
ამ საკითხს გააჩნია კიდევ ერთი ასპექტი და იგი უსაფრთხოების მინიმალურს სტანდარტს ეხება. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილ მიწებზე სამუშაოდ ემიგრირებული პირებიც არანაკლებ ყურადღებას იმსახურებენ, ამ გზით სავსებით შესაძლებელია ჩვენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები აღმოჩნდნენ. საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ეს საფრთხეები გასათვალისწინებელია.
ასევე, ეს საკითხი საყურადღებოა გლობალურ ტერორიზმთან და ისლამურ ფუნდამენტალიზმთან ბრძოლის თვალსაზრისითაც. დიდია ალბათობა, რომ საქართველოში მიუღებელი იდეოლოგიისა და ექსტრემისტულ-რელიგიური განხრის მატარებელი ხალხი აღმოჩნდეს, თუნდაც ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმდევარნი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორისტული ორგანიზაციები, ისევე როგორც იატაკქვეშა ექსტრემისტული დაჯგუფებები, ინფორმაციის შეგროვებას ახორციელებენ სხვადასხვა წყაროების მეშვეობით, მათ შორის წევრების გადაყვანის უზრუნველყოფით, მათთვის საინტერესო ქვეყნის ან რეგიონის ტერიტორიაზე. ამით მათ საშუალება ეძლევათ მაქსიმალური ინფორმაცია შეაგროვონ ტერორისტული საქმიანობის დასაგეგმად და განსახორციელებლად. შესაძლოა, ასევე ჩვენი ტერიტორია გამოყენებული იყოს როგორც სატრანზიტო ან უფრო უარესი - გადასროლის ბაზებად სხვადასხვა სახელმწიფოში. აქედან გამომდინარე, ამ რეალობას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
ზვიად ტომარაძე: ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2012 წლის 26 ივნის სსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა დანიის მოქალაქე ჰაიკე ჰორნკვისტის სარჩელი, რის შედეგადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეესყიდათ ქართული მიწები. ჰორნკვისტის პერსონა ერთგვარი შენიღბვა იყო, რეალურად კი ამ საქმის უკან კახა ბენდუქიძე იდგა, რადგან სარჩელი მის მფლობელობაში არსებულმა „თავისუფალმა უნივერსიტეტმა“ დაწერა.
როდესაც საზოგადოებამ დაინახა, რომ ინდოელები, ჩინელები, ირანელები და სხვები ქართულ მიწებს უპრობლემოდ ყიდულობნენ, ამან საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პროფესორმა პაატა კოღუაშვილმა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. კანონპროექტი წამყვან ევროპულ ქვეყნებში მოქმედი რეგულაციების ანალოგს წარმოადგენდა, რითაც მიწის გაყიდვის საკითხი დარეგულირდებოდა. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
კერძოდ, პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა 2014 წლის 31 დეკემბრამდე მორატორიუმის შემოღება არჩიეს. ბევრს ეცადა პატაა კოღუაშვილი აეხსნა მათთვის, რომ მორატორიუმის შემოღება კანონდარღვევა იყო, რადგან მანამდე ჰორნკვისტს სარჩელი დაკმაყოფილებული იყო და რომელიმე არასამთავრობოს ჩივილის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მორატორიუმს გააუქმებდა, მაგრამ ასე არ მომხდარა.
პარლამენტართა უმრავლესობა დირექტივების გარეშე ნაბიჯის გადაგმას ვერ ბედავს. ამ შემთხვევაშიც მორატორიუმი ერთგვარი დროის გაყვანის მცდელობა იყო. პარლამენტში მიჩვეულნი არიან დირექტივებით მოქმედებას და არა იმის კეთებას, რაც რეალურად სჭირდება ქვეყანას. როდესაც მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, მედიაექსპერტის, მათიას ჰუტერის სახელით, საჩივარი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში მორატორიუმის გაუქმების მოთხოვნით. 2014 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „საერთაშორისოგამჭვირვალობა - საქართველოს“ სარჩელი და გააუქმა მორატორიუმი, რომელიც პარლამენტმა 2014 წლის 31 დეკემბრამდე ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვაზე დააწესა.
ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო კანონიერად მოიქცა, თუმცა ამ სასამართლოში პატრიოტი ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, ეცოდინებოდათ, რომ კანონის გარდა, ასევე სამშობლოსა და ერის ცნება არსებობს!
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, დაწესებულია ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომ მიწას უცხო ქვეყნის მოქალაქე პრაქტიკულად ვერ შეიძენს. ყველგან მიწას განიხილავენ როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელ სტრატეგიულ რესურსს და საკუთარი შთამომავლობის გარანტირებულ საკვებ ბაზას. საქართველოს დღეს არ გააჩნია ეკონომიკური უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი და საკუთარ მოსახლეობის გამოკვება, ძირითადად, დამოკიდებულია იმპორტზე, რაც სამომავლოდ პოლიტიკური პროცესების შედეგად შესაძლოა ნებისმიერ დროს შეწყდეს, რა შემთხვევაშიც უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს სასიცოცხლო მნიშვნელობა მიენიჭება. ცალკე აღნიშვნის ღირსია მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურების მოქმედება, აჭარაში ხშირ შემთხვევაში, უცხოელ მიწის მყიდველთა უკან სწორედ ისინი დგანან.
სახელმწიფო ვალდებულია საკანონმდებლო რეგულაციების მეშვეობით დაიცვას ეროვნული ინტერესები და დააწესოს ისეთი პირობები, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელს გახდის უცხო ქვეყნის მოქალქეებზე მიწის გაყიდვის შესაძლებლობას. მით უმეტეს, როდესაც ასეთი რეგულაციები მოქმედებს ყველგან, მათ შორის დასავლეთ ევროპაშიც. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ შეიტანოს ცვლილებები საქართველოს კანონში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, იმოქმედოს ქვეყნისა და საზოგადოების სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად.