myrights.ge
ჯანდაცვის სამინისტრო რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს:
• როგორ გამოიწერება მედიკამენტი - სავაჭრო თუ ჯენერიული დასახელებით?
რეცეპტზე ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება გენერიკული დასახელებით (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მიეთითოს სავაჭრო დასახელებაც). არაგენერიკული და კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება სავაჭრო დასახელებით.
• რამდენჯერ არის შესაძლებელი აფთიაქიდან ერთი და იმავე რეცეპტის საფუძველზე წამლის მიღება?
რეცეპტის ბლანკი დანომრილია და შედგება სამი (A, B და C) განყოფილებისაგან. B და C განყოფილება ექვსნაწილიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ექიმის მიერ გამოწერილი რაოდენობა პაციენტმა შეიძინოს 6-ჯერადად აფთიაქ(ებ)ში ვიზიტის ფარგლებში.
• რამდენი მედიკამენტი გამოიწერება ფორმა N3 რეცეპტზე?
იმის გათვალისწინებით, რომ რეცეპტის C განყოფილების (ე.წ. ,,მოსახევი“ ნაწილის) რაოდენობა მაქსიმალური ყოფილიყო, რეცეპტზე გამოიწერება მხოლოდ 1 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი.
• ფორმა N3 რეცეპტის გაცემა, უნდა იყოს თუ არა, დაფიქსირებული სამედიცინო დოკუმენტაციაში?
სამკურნალო საშუალების ფორმა N3 რეცეპტზე გამოწერის ფაქტი, კანონმდებლობის დაცვით სავალდებულოა აისახოს სამედიცინო დოკუმენტაციაში.
• ვის აქვს ფორმა N3 რეცეპტის გამოწერის უფლება?
ფარმაცევტულ პროდუქტს ნიშნავს და რეცეპტზე გამოწერს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი - სერტიფიცირებული ექიმი-სპეციალისტი.
• რომელ ენაზე გამოიწერება რეცეპტი: ქართულ თუ ლათინურ ენაზე?
რეცეპტში ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება (მათ შორის, ოფიცინალური ან მაგისტრალური რეცეპტით დასამზადებელი პრეპარატის შემადგენლობა), ფორმა და დოზა იწერება სახელმწიფო ან ლათინურ ენაზე. ლათინური შემოკლებების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტულ პრაქტიკაში დაშვებული ძირითადი სარეცეპტურო შემოკლებებით
• ჩაიწერება თუ არა დიაგნოზი?
დიაგნოზის მითითება რეცეპზე სავალდებულო არ არის.
• უნდა მიეთითოს თუ არა რეცეპტზე ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია?
რეცეპტში დამატებით (არასავალდებულო წესით) შესაძლებელია მიეთითოს რეცეპტის გამომწერი ექიმის და/ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და/ან მისამართი).
• ვინ, ან როგორ ადგენს ე.წ. ,,სააფთიაქო ჩანთიდან“ მედიკამენტის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხს?
ექსტრემალურ შემთხვევებში, ფორმა N3 რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ერთჯერადი დოზებით, ურეცეპტოდ გაცემის მიზანშეწონილობას ადგენს აფთიაქის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
• როგორ ამოწმებს ექიმი რეცეპტს? აუცილებელია თუ არა დაწესებულების ბეჭედი?
რეცეპტის A განყოფილება მოწმდება გამომწერი ექიმის ხელმოწერითა და პირადი ბეჭდით ან გამომწერი ექიმის ხელმოწერითა და სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით (შტამპი).
• როგორია რეცეპტის მოქმედების ვადა?
რეცეპტის მოქმედების ვადას, დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესაბამისად, ადგენს ექიმი.
• ხომ არ შექმნის რეცეპტის ინსტიტუტი პრობლემას ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში?
ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში, რეცეპტის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს ერთი წლით.
• როგორ უნდა შეივსოს B და C განყოფილება აფთიაქში და ვინ ავსებს მას?
რეცეპტის B და C განყოფილება ივსება აფთიაქში რეალიზაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ.
რეცეპტის B განყოფილების თითოეული ნაწილი უნდა დამოწმდეს ამ დაწესებულების ბეჭდით.
რეცეპტის C განყოფილებაში ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება მიეთითება სავაჭრო დასახელებით.
აფთიაქში რეცეპტის წარდგენისას და რეცეპტზე გამოწერილი ფარმაცევტული პროდუქტის არასრულად შეძენისას, C განყოფილებაში შევსებულ უჯრას იტოვებს აფთიაქი, ხოლო B განყოფილება რჩება რეცეპტის ძირითად A ნაწილთან ერთად.
• რჩება თუ არა რეცეპტი აფთიაქში?
რეცეპტის ვადის ამოწურვის, ან გამოწერილი ფარმაცევტული პროდუქტის სრულად გაცემის შემთხვევაში, რეცეპტი რჩება აფთიაქს.
• რამდენ ხანს ინახება რეცეპტი აფთიაქში?
აფთიაქის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფარმაცევტული პროდუქტის გაცემისას C განყოფილების შევსებული ვერსია და/ან რეცეპტი შეინახოს ფარმაცევტული პროდუქტის გაცემიდან 6 თვის განმავლობაში.
საკონტაქტო ტელ: ინსპექტირების სამმართველო 2-72-53-75
რეგისტრაციის სამმართველო 2-72-50-83