მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროკურატურა დავით ბაქრაძის ანგარიშზე თანხების წარმომავლობას შეისწავლის - 20 აგვისტო 2014

myrights.ge

მთავარი პროკურატურა დავით ბაქრაძის ანგარიშზე დაფიქსირებული თანხების წარმომავლობას შეისწავლის. ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყება განცხადებას ავრცელებს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა  ინფორმაცია, რომლის თანახმადაც  2014 წლის 28 ივლისს დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ  “HCBS” ბანკის ინგლისის ოფისში დახურეს საბანკო ანგარიშები (40228434012380; 40228434012380),  რომლებზეც განთავსებული ჰქონდათ 276 849,89 გირვანქა სტერლინგი (795 000 ლარი) და გადაიტანეს სხვა საბანკო ანგარიშებზეასევე გავრცელდა აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები.

საზოგადობის ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ დავით ბაქრაძის მიერ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ  წარდგენილ დეკლარაციებში დაფიქსირებულ, დავით ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრების ერთობლივ შემოსავალს ბევრად აღემატება გამოქვეყნებულ საბანკო დოკუმენტებში ასახული თანხა. ასევე კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად დეკლარაციებში საერთოდ არ არის მითითებული ინფორმაცია ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშისა და ანაგარიშზე ფულადი თანხის არსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 355- მუხლითა და 194- მუხლის მესამე ნაწილით, დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეისწავლის როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული დოკუმენტების ნამდვილობას, ასევე მათში დაფიქსირებული თანხების წარმომავლობის კანონიერებას“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საპასუხო განცხადებას ავრცელებს:  

მსურს გამოვეხმაურო ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ჩემი საბანკო ანგარიშების შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ არც ერთ ჩემს შემოსავალსა თუ ანგარიშს არანაირი კავშირი არ აქვს კანონის დარღვევით ან თანამდებობის გამოყენებით მიღებულ რაიმე სარგებელთან.

რაც შეეხება HSBC ბანკთან ჩემს ურთიერთობას:

2002 წლის 12 ნოემბერს საქართველოში შვეიცარიის საელჩომ შეიძინა კრწანისის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი საელჩოს ახალი შენობისთვის. სახლის მესაკუთრე გახლდათ ჩემი სიმამრი, ლერი მეტრეველი. შეძენა გაფორმდა ყველა კანონიერი პროცედურის დაცვით (ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის აქტი თან ერთვის), გადახდილი იქნა ყველა შესაბამისი გადასახადი.

სახლის გაყიდვის შემდეგ ლერი მეტრეველმა გამოთქვა სურვილი, სახლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი სამომავლოდ დაეტოვებინა და გაენაწილებინა შვილიშვილებისათვის, რათა მათ შეძლებოდათ ამ თანხით სარგებლობა სრულწლოვანებას მიღწევის შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული თანხა თავდაპირველად ინახებოდა მასთან, როგორც კანონიერ მესაკუთრესთან. 2009 წელს ლერი მეტრეველმა სთხოვა ჩემს მეუღლეს (მის შვილს), მაკა მეტრეველს, გაეხსნა რომელიმე საიმედო ბანკში გრძელვადიანი საპროცენტო ანგარიში, სადაც თანხა უსაფრთხოდ განთავსდებოდა ბავშვების სრულწლოვანებას მიღწევამდე.

ასეთ ბანკად შერჩეულ იქნა HSBC, რომელსაც იმ პერიოდში თბილისში ჰქონდა ოფისი და შესაბამისად, შესაძლებელი იყო ანგარიშის ადგილზე გახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მაღალი რეპუტაციის ბანკი, HSBC ამოწმებს ყველა საბანკო შენატანის კანონიერებას. შესაბამისად, შემოწმდა აღნიშნული თანხაც და დადასტურდა, რომ ის წარმოადგენდა მართლაც სახლის გაყიდვით მიღებულ კანონიერ შემოსავალს.

მინდა ხაზი გავუსვა შემდეგ ფაქტებს:

1. თანხა წარმოადგენს კერძო პირის მიერ ქონების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს. შესაბამისად, მას არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებთან;

2. თანხის გადამხდელი წარმოადგენს შვეიცარიის საელჩოს საქართველოში - შესაბამისად, გამორიცხულია ნებისმიერი ეჭვი გადახდილი თანხის კანონიერების ან მისი წარმომავლობის შესახებ;

3. სახლი გაყიდულია და თანხა მიღებულია 2002 წელს - შესაბამისად, გამორიცხულია კავშირი ჩემს მოქმედ თუ წინა პოლიტიკურ თანამდებობებთან, ვინაირად 2002 წელს საერთოდ არანაირი შეხება არ მქონდა პოლიტიკასთან.

აქვე არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი აღშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში გრძელდება მოსმენის, თვალთვალის და პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების დაუსჯელი პრაქტიკა. ფაქტი, რომ სრულიად გაურკვეველი გზით მოხდა კერძო წერილის გახსნა, წაკითხვა და ყალბი ანგარიშით ინტერნეტში ატვირთვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფართოდ იყენებს და ახალისებს პოლიტიკურ ოპონენტების დევნასა და თალთვალს, აგრეთვე პირადი შურისძიების მიზნით პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნების პრაქტიკას.

ამ ფონზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო" საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკში საბანკო ანგარიშის დახურვასთან დაკავშირებული საკითხის ირგვლივ არსებულ შესაძლო კანონდარღვევევებზე მიუთითებს.

"გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის მიერ მიმდინარე წლის 14 ივლისს ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკში საბანკო ანგარიშის დახურვის შესახებ. საინფორმაციო მასალას თან ახლავს უცხოური ბანკის წერილები, რომელშიც მოხსენიებულია დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები (261,757.83 გირვანქა სტერლინგი). პარლამენტის წევრი ვალდებულია, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად შეავსოს და წარადგინოს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია, მათ შორის ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშებსა ან/და შენატანებზე. დავით ბაქრაძის მიერ 2014 წლის 3 ივნისს წარდგენილ დეკლარაციაში (https://declaration.gov.ge/declaration/947171) ინფორმაცია ზემოხსენებული საბანკო ანგარიშის შესახებ არ არის მითითებული. თუ გავრცელებული ცნობა სიმართლეს შეესაბამება და უცხოურ ბანკში გახსნილი ანგარიში 2013 წელსაც არსებობდა, სახეზეა კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355- მუხლის თანახმად, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი ინფორმაციის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოს" განცხადებაში.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარლამენტის წევრთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების არასრულფასოვნად შევსება მუდმივი პრობლემაა და მე-8 მოწვევის პარლამენტშიც მათ რვა დეპუტატი აღმოაჩინეს, ვისაც სამეწარმეო ინტერესები არ ჰქონდა სრულად დეკლარირებული.

"დღეისათვის არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელიც თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისწორეს პროაქტიულად შეამოწმებს, რაც მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს. გარდა ამისა, შესაძლოა, მოცემულ შემთხვევაში მეორე სახის კანონდარღვევაც გამოიკვეთოს. პირის ბანკთან მიმოწერა პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, რისი უკანონოდ მოპოვება და გამოყენებაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა (სისხლის სამართლის კოდექსის 157- მუხლი). სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, თუ რა გზით იქნა ეს ინფორმაცია მოპოვებული", - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო".

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია