myrights.ge
აბრეშუმის გზა საქართველოს შესაძლებლობას უჩენს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის" პროექტის დასკვნითი შეხვედრის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს 21-ე საუკუნეში კვლავ ეძლევა საშუალება, შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია:
„დღეს კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, აღვნიშნო საქართველოს ისტორიული როლი და ფუნქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდითგანვე ეკისრებოდა, როგორც ორი გეოპოლიტიკური არეალის დამაკავშირებელს, რადგან ის დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე იყო მოქცეული. გვერდიგვერდ არსებობდა ორი ცივილიზაცია და მათ შორის სავაჭრო-კულტურული კავშირები აბრეშუმის დიდ გზაზე გადიოდა. საქართველო ამ ორი სამყაროს გზაჯვარედინი, აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის".
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის განვითარებას.
მთავრობის მეთაურმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ის ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს და ჩინურ კომპანიებს აღნიშნულ პროექტში ჩართვა შესთავაზა:
„ჩვენ მივესალმებით და ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ ნებისმიერი ახალი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. აბრეშუმის გზა ცივილიზაციათა კვეთის უძველესი გზაა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მაშინდელი მსოფლიოს განვითარებასა და წინსვლაში. მჯერა, რომ დღეს, ამ გზისთვის ახალი დატვირთვის მინიჭება, ახალი განვითარების დასაწყისი გახდება; ჩემი ქვეყნისთვის კი - მეტი წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი".
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
ჩვენ ველოდებით გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს საქართველოში; ვიზიტი სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება, - ამის შესაებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ კვირას ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა როგორც გერმანიის კანცლერთან, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტთან და მათ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
„რაც შეეხება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენთან ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მინდა, მადლიერება გამოვხატო პირადად ბატონი ბაიდენის მისამართით. მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ და მიღწევები, რომელიც შევძელით მოკლე დროში. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვართ საიმედო დასაყრდენი ამერიკისთის ამ რეგიონში".
მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივაზე, რომელიც ჩინეთის ლიდერს ეკუთვნის და განაცხადა, რომ საქართველოს ეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაიბრუნოს ისტორიული ფუნქცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა - იყოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ჩინური კომპანიების ინვესტიციებს საქართველოში და ამ მხრივ აღნიშნა „ჰუალინგ ჯგუფის" საქმიანობა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია.
პრემიერ-მინისტრი საქართველოდან რუსეთში სასურსათო ტვირთის მიწოდების გაზრდასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის კონსტრუქციული, პრაგმატული, სწორი და გონივრული და ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგი:
„უკვე ორი წელია, ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან, არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით, დღემდე თავისუფლად ვახდენთ ჩვენ პროდუქციის ექსპორტს რუსეთში. რუსეთმა გაახმოვანა იდეა, რომ შესაძლოა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა გაუქმდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ემბარგოს. პირიქით, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პროდუქტი გავიდეს რუსეთის ბაზარზე. მივესალმები იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომელიც შეგვხვდა რუსეთისგან. მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის".
პრემიერ-მინისტრმა ასევე მცირე კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი არ განიხილება.
ასევე იხილეთ ვიდეობმულები:
https://www.youtube.com/watch?v=H5CE29ZPp98
https://www.youtube.com/watch?v=zvKWLljf1Eg