მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ომბუდსმენი სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ორი პატიმრის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს - 18 სექტემბერი 2014

სამი დღის განმავლობაში სამი პატიმრის გარდაცვალება აშკარად მიუთითებს სასჯელაღსრულების სიტემაში პატიმართა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პრობლემაზე

myrights.ge

სასჯელაღსრულების N17 დაწესებულების მსჯავრდებულთა ..–სა და ..– გარდაცვალების შესახებ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ორი პატიმარი გარდაიცვალა. 2014 წლის 15 სექტემბერს 1964 წელს დაბადებული .. სავარაუდოდ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გარდაიცვალა. 17 სექტემბერს, საკანში მარტო მყოფი, მოშიმშილე მსჯავრდებული – 1983 წელს დაბადებული .., ექიმმა კისრის მიდამოში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვა.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოარკვიეს, რომ მსჯავრდებულმა ..– 18.05 საათზე დაწესებულების სამედიცინო ნაწილში მორიგე ექიმს გულმკერდის არეში ტკივილის ჩივილით მიმართა. კონსულტაციის შემდგომ ექიმმა დასვა წინასწარი დიაგნოზი: გულმკერდის მიოზიტი. მსჯავრდებულს ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა და მიიღო დიკლაკი და ენოზიდ H. მცირე ხნის შემდგომ მსჯავრდებულმა გონება დაკარგა, რის შემდგომაც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მაგრამ მსჯავრდებულის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამედიცინო ჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს, რომ მორიგე ექიმმა გამორიცხა კარდიოლოგიური პრობლემის არსებობა და ეჭვი მიიტანა გულმკერდის მიოზიტზე, ანუ გულმკერდის კუნთების დაავადებაზე, რაც წარმოშობს ლოგიკურ კითხვას, თუ რამდენად ჰქონდა მორიგე ექიმს კარდიოლოგის კომპეტენცია და რამდენად შეეძლო მას ევარაუდა, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა კარდიოლოგიური პრობლემა და დროულად გამოეძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. შესაბამისად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია სწრაფად ჩატარდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ყოვლისმომცველი გამოძიება, მათ შორის, განხილულ იქნას ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

გარდაცვლილი მსჯავრდებულის ..– შესახებ არსებული შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რაზედაც ჩატარებული ჰქონდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მას ჰქონდა მიდრეკილება თვითდაზიანებებისაკენ. აღსანიშნავია, რომ წარსულში ..– კისრის მიდამოში არაერთხელ ჰქონდა მიყენებული ნაკვეთი დაზიანება.

.. რამდენჯერმე მოინახულეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა. საუბრისას გაირკვა, რომ 2014 წლის 5 სექტემბერს მსჯავრდებულმა სამედიცინო მომსახურების გაწევის მოთხოვნით, პროტესტის ნიშნად გადაყლაპა მეტალის ნივთი. 6 სექტემბერს .. გადაიყვანეს სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში, თუმცა მალევე დააბრუნეს და უკვე 10 სექტემბერს მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადა, რომ N14 დაწესებულების თანამშრომლებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა მთავარ პროკურატურას მიმართა. 11 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების მთავარ ექიმს. 16 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებული .. კვლავ მოინახულა. მსჯავრდებული კვლავ ითხოვდა სამედიცინო მომსახურების მიწოდებას და მისი ცემის ფაქტის გამოძიებას.

მსჯავრდებულმა 16 სექტემბერს გამოაცხადა შიმშილობა. შიმშილობის დაწყების შესახებ სოციალურმა მუშაკმა შეადგინა შესაბამისი ოქმი, თუმცა არ მიუთითა შიმშილობის მიზეზი. მსჯავრდებული მოათავსეს საკანში მარტო, სადაც არ იყო დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა.

დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აშკარად იკვეთება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან, მიუხედავად კანონმდებლობის აშკარა მოთხოვნისა, ვერ გაარკვიეს, რა მიზეზით შიმშილობდა პატიმარი. ამასთან, იცოდნენ რა, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მიდრეკილი იყო თვითდაზიანებისკენ, არ მიიღეს უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ფატალური შედეგი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თვლის, რომ აუცილებელია  ..– და ..– გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ. თავის მხრივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დეტალურად უნდა შეისწავლოს სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და მიიღოს ქმედითი ზომები, რათა დაცული იყოს პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამი დღის განმავლობაში სამი პატიმრის გარდაცვალება (16 სექტემბერს N6 დაწესებულებაში მსჯავრდებული .. გარდაიცვალა) აშკარად მიუთითებს სასჯელაღსრულების სიტემაში პატიმართა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პრობლემაზე. აუცილებელია გადაიხედოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მუშაობის პრაქტიკა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები და სამედიცინო პერსონალი გულისყურით უნდა მოეკიდონ პატიმართა მოთხოვნებსა და საჩივრებს, მოახდინონ რისკ ფაქტორების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. სუიციდის პრევენციის მიზნით კი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოებისა და რეჟიმის თანამშრომლების, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა, ფსიქიატრისა და სხვა სამედიცინო პერსონალის კოორდინირებული მუშაობა“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

თავის მხრივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ორი პატიმრის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. სამინისტრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქვეყნებს ინფორმაციას სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი გარდაცვალების ორი შემთხვევის შესახებ.

„წინასწარი მონაცემებით, სასჯელაღსრულების N17- დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ნიკოლოზ შენგელიამ (დაბ. 1983 .) კისრის მიდამოში, საძილე არტერიის საპროექციო არეში მიიყენა ნაკვეთი თვითდაზიანება, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ნიკოლოზ შენგელიას წარსულში მიყენებული ჰქონდა არაერთი დაზიანება. ასევე, ჩატარებული ჰქონდა ქირურგიული ოპერაციები უცხო სხეულების გადაყლაპვის გამო. ამ მიზეზით იგი გადაყვანილი იყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და გადიოდა ფსიქიატრიულ მკურნალობას, ხოლო 2014 წლის იანვარში, აუტოაგრესიის, არამოტივირებული ემოციური ქცევისა და არაადეკვატური მოთხოვნების გამო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ჩაუტარდა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ მსჯავრდებული არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებდა. ასევე დადგინდა, რომ იგი დაავადებული იყო არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით (F07.0). ამასთანავე, . შენგელია 2013-2014 წლებში 10-ჯერ იყო გადაყვანილი სამედიცინო კლინიკებში სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით. საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულს ბოლო სამედიცინო მომსახურება გაეწია 2014 წლის 09 სექტემბერს ქუთაისის . ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 115- მუხლით და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ასევე, მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გარდაიცვალა 1964 წელს დაბადებული მსჯავრდებული ..

„დ..- აბაზანის მიღების შემდეგ მიმართა სამედიცინო პერსონალს გულმკერდის არეში ტკივილის გამო. პაციენტი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი დაწესებულების სამედიცინო ნაწილში. პარველადი ჯანდაცვის რგოლის ოჯახის ექიმებმა მას აღმოუჩინეს პირველი სამედიცინო დახმარება, რომლის შედეგადაც მოეხსნა ტკივილი და მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. მალევე სამედიცინო ნაწილში პაციენტმა დაკარგა გონება, გამოეხატა ტუჩების ციანოზი, სუნთქვა გახდა იშვიათი და ზერელე. დაწესებულების ექიმების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მხრიდან სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. სახალხო დამცველი აქცენტს აკეთებს, თუ რამდენად ჰქონდა მორიგე ექიმს კარდიოლოგის კომპეტენცია, რომ გამოერიცხა კარდიოლოგიური პრობლემის არსებობა/არარსებობა და ასევე დროულად გამოეძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა? საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში მუშაობენ ოჯახის ექიმები, რომელთაც არ მოეთხოვებათ იყვნენ სპეციალიზაციით კარდიოლოგები. შესაბამისად, მათი მოვალეობაა პაციენტისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, კონსულტირება და პირველადი ჯანდაცვის პაკეტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება. რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, იგი მორიგე ექიმის მიერ დროულად იქნა გამოძახებული. შემთხვევაზე სრულ შეფასებას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეგულირების სამმართველო გააკეთებს, რის შემდეგაც გამოვლენილი შესაძლო დარღვევები გადაეგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეაგირებისთვის“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია