myrights.ge
არიან ადამიანები, რომლებიც ორჯერ კვდებიან, ჯერ საკუთარ თავს-ოჯახს, შემდეგ სამშობლოს უკვდებიან - ისეთი ღვაწლი აქვთ შთამომავლობის წინაშე. ასეთი იყო ჟურნალისტი-მეცნიერი მამედ გიულმამედოვი (მამია ენუღელი), წარმოშობით საინგილოდან, ზაქათლის რაიონის სოფელ ალიაბადიდან (ისტ. ელისენი). მან მთელი შეგნებული ცხოვრება ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის განმტკიცებას მიუძღვნა და ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ურთიერთობა აღმავალი გზით განვითარებულიყო.
მამედ გიულმამედოვი - ღირსების ორდენის კავალერი (1994 წ.), საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი (2002წ.), პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1986წ.), საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის გამგეობის წევრი 1991წ.), ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი (1990წ.), განათლების წარჩინებული მუშაკი (1984წ.), ორი მონოგრაფიისა და 40- მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, აქვს გამოცემული 20 მეტი მოთხრობა.
აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა მიხეილ ჯავახიშვილის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და სხვა კლასიკოსების ნაწარმოებები. ორიგინალიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ი. ცურტაველის უკვდავი „შუშანიკის წამება“, საქართველოს აზერბაიჯანული სკოლებისთვის VII-IX კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოს თანაავტორი (პირველი გამოშვება), ავტორი ქართულ-აზერბაიჯანული საკითხავი წიგნისა (1994წ.) და აზერბაიჯანულ-ქართული სასაუბროსი (2010წ.).
გახლავთ დოკუმენტური წასაკითხი პიესის „ბერმუხის ყლორტების“ ავტორი, ბაქოს ჯაბარლის სახ. დრამატულ თეატრში დადგმული „ღმერთმა უარესისსაგან გვიხსნას“ ავტორი, ილიას სახ. თბილისის ეროვნული უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, მირზა ფათალი ახუნდოვის სახ. სახლ-მუზეუმისადა ქართულ-აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი.
და მაინც, ეს მხოლოდ სიტყვებია მამედ გიულმამედოვის (მამია ენუღელის) ბობოქარი ბიოგრაფიიდან. მის უკან დგას უშრეტი ენერგიის ადამიანი, რომელმაც ცხოვრების განმავლობაში არაფერი დაიშურა სამშობლოს სადიდებლად.