მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილისადმი მუქარაზე გამოძიებას ითხოვს - 25 სექტემბერი 2014

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ჩარევა დასჯადია“

myrights.ge

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები გაატაროს, რათა თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობისთვის სათანადო გარემო უზრუნველყოფილი იქნას.

2014 წლის 23 სექტემბერს გავრცელდა ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილისა და სტუდიაანატომიისსაგანგებო განცხადება. სტუდია ამზადებს გადაცემას ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის გადანაწილების თემაზე, სადაც ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსზე ზვიად ჯანყარაშვილზე იქნება საუბარი. ნათია მიქიაშვილის განმარტებით, ჯანყარაშვილი მას სიტყვიერად ემუქრება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მისი მეუღლე აიძულა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები დაეტოვებინა.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ როლს თავისუფალი და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამკვიდრებული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა თითოეულ ჟურნალისტს მიეცეს შესაძლებლობა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განახორციელოს თავისი საქმიანობა.

საქართველოს კონსტიტუციის 24- მუხლის თანახმად მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია და დაუშვებელია ცენზურა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154- მუხლის მიხედვით, დასჯადია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ჩარევა“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ჟურნალისტმა ნათია მიქიაშვილმა და სტუდია „ანატომიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა და რეაგირებისთვის ხელისუფლების პირველ პირებს, დიპლომატიურ კორპუსსა და უფლებადამაცველებს მიმართა. ჟურნალისტი ირწმუნება, რომ მის მიმართ მუქარას პრემიერ ღარიბაშვილის სიმამრის დისშვილი - ზვიად ჯანყარაშვილი ახორციელებს.

ნათია მიქიაშვილი ამბობს, რომ სტუდია „ანატომია“, რომელიც 2010 წლიდან ამზადებს გადაცემებს, ახალი სეზონიდან აპირებს საგამოძიებო მიმართულების გაგრძელებას, კერძოდ, ამჯერად, ჟურნალისტის თქმით, გადაცემა მზადდება ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის გადანაწილებაზე, „სადაც ბატონი ჯანყარაშვილი - ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით -ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია“.

პრესკონფერენციაზე ნათია მიქიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის მამიდაშვილი ზვიად ჯანყარაშვილი, რომელსაც ეჭირა შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსის პოსტი, მის მიმართ ახორციელებს სიტყვიერ მუქარას:

„ჯანყარაშვილმა ჯერ ითხოვა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში შეჩერებულიყო გადაცემა, სადაც ის იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი გმირი, უარის მიღების შემდეგ კი განაცხადა, რომ „ანატომიის“ მის პიროვნებაზე მომზადების შემთხვევაში, ის ნათია მიქიაშვილს ადეკვატურად, „ძალიან ცუდად მოექცეოდა და ბევრ ცუდ რამეს გაუკეთებდა“, რაც ჟურნალისტის მიერ აღქმული იქნა პირდაპირ მუქარად, რადგან რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ, რაც ნათია მიქიაშვილმა გააკეთა განცხადება მისი გადაცემის რუსთავი 2-ის ეთერში გასვლასთან დაკავშირებით, შსს-ს გენერალური ინსპექციის მხრიდან ნათია მიქიაშვილის პოლიციელ მეუღლეზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად ის იძულებული გახდა დაეტოვებინა შსს-ს რიგები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სტუდია „ანატომია“ ავრცელებს.

„მე, ნათია მიქიაშვილი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც კი არასდროს ჩემს მიმართ არ განხორციელებულა პირდაპირი მუქარა - პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავის ზვიად ჯანყარაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები არის მცდელობა შეაჩეროს გადაცემა „ანატომია“, - აცხადებს მიქიაშვილი.

ჯანყარაშვილმა რამდენიმე თვის წინ დატოვა შსს-ს გენინსპექციის უფროსის თანამდებობა, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად დაინიშნოს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია