მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„2015 წლის 1 იანვრიდან რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინის გაყიდვა იკრძალება“ - 30 სექტემბერი 2014

myrights.ge

„myrights.ge“-სთვის გამოგზავნილ წერილში სიღნაღელი ბლოგერი, სოსო კოჭლამაზაშვილი დადებითად აფასებს სოფლის მეურნეობის სამინინისტროს ბოლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინის გაყიდვა აიკრძალება.

„ამ დღეებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო რამდენიმე კარგი ინიციატივით გამოვიდა. სამწუხაროდ, ეს ამბავი მოსახლეობის უმრავლესობას, მათ შორის მევენახეებს არც კი გაუგიათ. 

კერძოდ, იზღუდება მარნებიდან ჭაჭის გატანა. 2015 წლის 1 იანვრიდან კი, რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინის გაყიდვა იკრძალება. აქამდე ღვინოების უმრავლესობა, რასაც ბაზარში ან ღვინის წერტილებში ხედავდით, მარნებიდან გამოტანილ ჭაჭაზე შაქრითა და წყლით გაკეთებული „ღვინო“ იყო. მისი თვითღირებულება მარტო შაქრისა და ტრანსპორტირების ხარჯებისგან შედგებოდა. რა თქმა უნდა, ასეთ დაბალფასიანს, ოჯახური, სახლში დაყენებული ღვინო კონკურენციას ვერ უწევდა. პრაქტიკულად, ღვინის ბაზრიდან მევენახე გაძევებული იყო. 

ფალსიფიკაციასთან ბრძოლა პროცესია და როგორც სხვა დანაშაული, გამუდმებულ მოქმედებას მოითხოვს. ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ამით ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ იმ ფონზე, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა (მინისტრმა არ იცოდა, ვაზი ირგვებოდა თუ ითესებოდა, მოცვით უნდოდათ სოფლის მეურნეობის განვითარება და მისთ.), ასეთი ინიციატივები გამონათებებს ჰგავს. პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - რაჭაში რთველის დროს ყურძნის შეტანა აიკრძალა, ხვანჭკარა რომ დაეცვათ ფალსიფიცირებისგან. იმედი ვიქონიოთ, რომ კარგ გადაწყვეტილებებს კარგი შესრულებაც მოჰყვება“, - ამბობს სოსო კოჭლამაზაშვილი.

შეგახსენებთ სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებას, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი გამკაცრდება:

„ეს ემსახურება დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას, პოპულარიზაციას. სოფლის მეურნეობაში ეს დარგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტურად განვითარებული დარგი და სუბსიდირების ნაწილში მომავალ წელს ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავხედავთ. იმედი გვაქვს, რომ აღარ დასჭირდება ამ დარგს სუბსიდირება, რადგან საკმაოდ სტაბილურად განვითარდა“.

მისივე თქმით,  უახლოეს მომავალში  ჭაჭაზე კონტროლიც იგეგმება: „ჭაჭის კონტროლი მოგვცემს საშუალებას, რომ ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, ყველა ღვინო იყოს ნამდვილი და არა - ფალსიფიცირებული“.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია