ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა პირობას ვქმნით, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია
myrights.ge
„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი კანონის წინაშე, არავინ დგას კანონზე მაღლა. ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია," - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლებაში მოსვლის ორი წელი შეაფასა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მიმართა და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ახალმა მთავრობამ მიაღწია:
„ყველა სფეროში მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას, - დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, მეწარმეობის წახალისებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობითა და დამთავრებული კანონის უზენაესობის დამ კვიდრებით, ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიანობის დამკვიდრებით. ჩვენ მტკიცედ ვადგავართ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა.
ჩვენი მთავარი მიზანი არის, რაც მე არაერთხელ მითქვამს, მშვიდობიანად, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების გზით გავამთლიანოთ ჩვენი საერთო სამშობლო და ჩვენი ერი“.
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც 2012 წელს კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას" გამოუცხადა, მადლობა გადაუხადა:
„ეს გამარჯვება არ იქნებოდა, მეგობრებო, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც შეძლო მაშინდელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, პროცესების არჩევნებამდე მშვიდობიანი მიყვანა და რეჟიმის დამარცხება ღირსეულად - ისე, როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს ეკადრება“.
პრემიერ-მინისტრმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც ქვეყნის წინაშე დგას:
"ამ ორმა წელიწადმა ძალიან ინტენსიურ სამუშაო პროცესში განვლო. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში კოალიციაში იყო კამათი, მსჯელობა, ძიება, 24-საათიანი ჩართულობა, და ეს წმინდა დემოკრატიული პროცესი ჩვენი ხელისუფლების უპირველესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ერთგულად ემსახურება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთად გადავლახავთ ყველა სირთულეს და განვითარების გზას ვერავითარი ძალა, ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს“.
განცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა: „ზუსტად ორი წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ჩვენმა ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, შიშს და ყოველგვარ უსამართლობას, რომელიც გამეფებული იყო ჩვენს ქვეყანაში, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერის განმარტებით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა თავისუფლებას, წარმატებას, წინსვლას და განვითარებას:
"ჩვენ ორიენტირებული ვართ მომავალზე. ბნელ წარსულზე საუბარი აღარ მსურს. ჩვენ ყველამ ერთად - ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა და მედიამ, უნდა ვიზრუნოთ მომავალზე. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის ერთ კონკრეტულ მთავრობას და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო გავაძლიეროთ. ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება. სამწუხაროდ, ამ შეთავაზებას სათანადოდ ვერ აფასებენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ეს შეთავაზება რჩება ძალაში - ჩვენ გვსურს საზოგადოების კონსოლიდაცია. დარწმუნებული ვარ, ბევრი წარმატება გველის წინ“.
მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს მომხსენებლების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტსაც გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის დეკეგაცია ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
"ჩემი ინფორმაციით, პროექტი შეიცვალა. იქ ძალიან აქტიურობს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მთავარი დასაყრდენი "ევროპის სახალხო პარტია". მიმაჩნია, რომ ჩვენი დელეგაცია გასცემს პასუხს ყველა კითხვას. ქვეყანაში არის სხვა რეალობა და ისინი ამ რეალობის სწორად წარმოჩინებას შეძლებენ. დარწმუნებული ვარ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ გაიზიარებენ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიწოდებულ ჭორებს და უსაფუძვლო ბრალდებებს. ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები, არის აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე. დღეს საქართველოში არავინ დგას კანონზე მაღლა და არც იდგება. ჩვენ უზრუნველვყოფთ კანონის უზენაესობას და გამჭვირვალობას", - აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ასევე იხილეთ ვიდეობმულები:
http://www.youtube.com/watch?v=uRoQv0R79mw
http://www.youtube.com/watch?v=IP4J8ByhxtI