myrights.ge
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის იუსტიციისა და შს მინისტრებთან ერთად ვაშინგტონში ხელი მოაწერა „მინისტრთა დეკლარაციას“, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულთან ბრძოლას ეძღვნება.
აშშ-ის გენერალური პროკურორის − ერიკ ჰოლდერისა, და ევროკომისარ სესილია მალმსტრომის მიერ ორგანიზებული მეორე მინისტერიალი „გლობალური ალიანსი ინტერნეტის საშუალებით ბავშვზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ 2014“ ვაშინგტონში გაიმართა. გლობალურ ალიანსში, რომელსაც ერიკ ჰოლდერმა და სესილია მალმსტრომმა ჩაუყარეს საფუძველი, დღეს უკვე 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული. მათი მიზანია, ერთად ებრძოლონ სულ უფრო მზარდ დანაშაულებრივ ქსელს, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალით ვაჭრობს ინტერნეტზე, და რომლის უკანაც, ხშირ შემთხვევაში, პედოფილთა ორგანიზებული ჯგუფები დგანან.
თავის მიმართვაში ერიკ ჰოლდერმა ამ დანაშაულთან ბრძოლისას ქვეყნებს შორის კოორდინაციისა და, ასევე, პრევენციისთვის ბავშვების განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა; სესილია მალმსტრომმა კი აღნიშნა, რომ გლობალური ალიანსის მიზანი წევრი ქვეყნების მიერ ეფექტური კანონმდებლობის შექმნა და ახალი დროის ამ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანებაა.
თეა წულუკიანის განცხადებით, მინისტერიალზე 50 ქვეყნის წარმომადგენლები იმ საკითხზე მსჯელობენ, თუ რა გზით უნდა ებრძოლონ ბავშვთა სექსუალურ ძალადობას ინტერნეტის გამოყენებით. მისი თქმით, ამ ორგანიზებულ საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქართველმა სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გახსნეს ბერძენ, ამერიკელ და შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად. მინისტრმა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში იუსტიციის სამინისტროს როლზეც ისაუბრა.
„როდესაც საქართველოს თავს შეაფარებს დამნაშავე, რომელიც ბავშვის სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, რა თქმა უნდა, ხდება მისი დაკავება და იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ექსტრადიციის კუთხით, ხდება მისი ექსტრადიცია დანაშაულის ჩადენის ქვეყანაში... მინისტერიალზე მიღებული იქნება დეკლარაცია, რომელშიც გაიწერება კონკრეტული პირობები მომავალი თანამშრომლობის, თუ როგორ შევინარჩუნოთ ინტერნეტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის ის ეფექტიანობა, რაც გვაქვს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამარტო დამნაშავის დასჯას, არამედ მსხვერპლი ბავშვის უფლებების დაცვას, „რისკენაც საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რადგან დანაშაულის შედეგად დაზარალებული ჯერ კიდევ არ არის რეაბილიტაციის რეჟიმში გადაყვანილი“.
გლობალური ალიანსი ოთხი ძირითადი პრინციპის გარშემო ერთიანდება. პირველ რიგში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიკაცია, მათი გამოხსნა დამნაშავის ხელიდან და რეაბილიტაცია; დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და ადეკვატური სასჯელის შერჩევა; ცნობიერების ამაღლება ბავშვების მიერ ინტერნეტის შეუზღუდავად გამოყენების რისკების შესახებ; ინტერნეტში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალების მოთავსებისა და გადაცემისთვის ბარიერების შექმნა და ბავშვთა რევიქტიმიზაციის თავიდან აცილება.
კონფერენცია „გლობალური ალიანსი“ ინტერნეტის საშუალებით ბავშვზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ წელს მეორედ გაიმართა. კონფერენცია როტაციის პრინციპით ტარდება და მას ალიანსის წევრი ქვეყნები რიგრიგობით უმასპინძლებენ. ორი წლის წინ პირველი მინისტერიალი ბრიუსელში ჩატარდა.
ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვები“: სექსუალური ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებზე გულისხმობს ბავშვის/მოზარდის გამოყენებას სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ბავშვზე/მოზარდზე სექსუალური ძალადობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სქესობრივი კონტაქტის დამყარებით, არამედ მოიცავს ქმედებათა ფართო სპექტრს, როგორიცაა: ეროტიული ელფერის ალერსი, შეხება, საკუთარი სასქესო ორგანოების დემონსტრირება, პორნოგრაფიული სურათების გადაღება, სექსუალური შინაარსის კადრების ან პორნოგრაფიული ჟურნალების ნახვის ხელშეწყობა და სხვა. ასეთი ქმედებები ჩაითვლება სექსუალურ ძალადობად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა თანხმობა ბავშვის მხრიდან, რადგან ერთის მხრივ, ბავშვზე ზეგავლენის მოხდენა იოლია, მით უფრო, რომ მოძალადე თავისი მიზნის მისაღწევად ხშირად მიმართავს ტყუილს, მუქარას ან შანტაჟს; მეორეს მხრივ კი ბავშვს არ შეუძლია ამ ქმედებათა მნიშვნელობის გაგება, მათი სწორად შეფასება.
სექსუალური ძალადობა შეიძლება მოხდეს ყველა სოციალურ ფენაში, ოჯახს გარეთ ან ოჯახში. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვი, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. ძალადობის რისკი კიდევ უფრო იზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან. მოძალადე შეიძლება იყოს როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი პირი, უმეტესად მოძალადე ბავშვისათვის ნაცნობი პიროვნებაა.
უმეტეს შემთხვევაში ბავშვზე/მოზარდზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას ნეგატიური გავლენა აქვს ბავშვის ფსიქიკაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადგილი აქვს ძალადობის მძიმე ფორმას, და/ან ძალადობა მრავალჯერადია. შედეგებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც დაუყოვნებლივ, ისე ზრდასრულობის ასაკშიც და გამოვლინდეს მრავალფეროვანი ფსიქოლოგიური, ემოციური, ქცევითი, სოციალური, სამედიცინო პრობლემების სახით. კვლევები აჩვენებს, რომ ძალადობა გავლენას ახდენს ბავშვის თავის ტვინის განვითარებასა და მუშაობაზეც კი (სტრესის ჰორმონების ტვინის განვითარებაზე ტოქსიური ზემოქმედებით).
სხვების მხრიდან ბავშვზე/მოზარდზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების დროულად აღმოჩენას და სწორ რეაგირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის კეთილდღეობისა და ძალადობის უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად/შესამსუბუქებლად.
ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი:
- იყავით ფხიზლად. არ დატოვოთ ბავშვი სანდო მეთვალყურის გარეშე. თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ ბავშვის გარემოცვაში და/ან ბავშვს შეატყობთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ქცევებისა და ემოციების თვალსაზრისით, მაშინვე შეეცადეთ გარკვევას თუ რა მოხდა და მიიღეთ შესაბამისი ზომები;
- ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს, თუ ის რაიმეს გიყვებათ ძალადობის შესახებ, მაგრამ არ დააძალოთ მოყოლა, ბავშვისთვის შეიძლება მტკივნეული იყოს ძალადობის გამოცდილებაზე საუბარი;
- შეეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი ემოციები და ქცევები. თქვენთვის მტკივნეული იქნება ბავშვთან მიმართებაში განხორციელებული ძალადობის ფაქტის გაგება, მაგრამ არ „ჩავარდეთ პანიკაში“, მოახდინეთ საკუთარი თავის მობილიზება ბავშვისთვის დახმარების აღმოსაჩენად;
- დაუკავშირდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სამართალ-დამცავ ორგანოებს და დეტალურად მიაწოდეთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია;
- უზრუნველყავით ბავშვის უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, მოარიდეთ მოძალადეს;
- ბავშვს/მოზარდს აღმოუჩინეთ ემოციური მხარდაჭერა, აგრძნობინეთ რომ მის გვერდით ხართ და იზრუნებთ მასზე. არ დაადანაშაულოთ ბავშვი მომხდარში, მიუთითეთ რომ მისი მხრიდან მომხდარის შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოყოლა სწორი საქციელია;
- დაიცავით კონფიდენციალობა. ეცადეთ მომხდარი მოვლენა არ გახდეს ღია, საჯარო განხილვის საგანი, ინფორმაცია მიაწოდეთ მხოლოდ შესაბამის სპეციალისტებს და იმ პირებს, რომლებიც ბავშვის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი. თუ მედია აპირებს ფაქტის გაშუქებას, კატეგორიულად მოითხოვეთ, რომ დაფარული იყოს ბავშვის/მოზარდის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (სახელი, გვარი, სახე, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ა.შ);
- მიმართეთ სპეციალისტებს - სამედიცინო პერსონალს, ფსიქოლოგს, რათა დროულად მოხდეს ძალადობის პირველადი შედეგების შეფასება და საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში ბავშვს/მოზარდს გაეწიოს შესაბამისი დახმარება შემდგომი სამედიცინო და ფსიქოლოგიური გართულებების თავიდან აცილების მიზნით.