myrights.ge
სახალხო დამცველი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის ფაქტსა და „თავისუფალი ზონის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელის კობა ხაბაზის განმარტებით, 112–ზე დარეკვის შედეგად, მოსალოდნელი ინციდენტის თაობაზე ინფორმირებული იქნა საპატრულო პოლიცია, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება იყო დაგვიანებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე „თავისუფალი ზონის“ წევრი დააკავეს. ამ დრომდე მიმდინარეობს დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა. ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
სახალხო დამცველი გმობს ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას, მათ შორის როგორც ჟურნალისტ ზაზა დავითაიას მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ასევე ორგანიზაციების „თავისუფალი ზონისა“ და „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას და მიაჩნია, რომ თითოეული ეს ფაქტი უარყოფითად აისახება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დაპირისპირება ამოწურულია და მას რაიმე სახის ძალადობრივი გაგრძელება არ მოჰყვება.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტიანად აწარმოონ ზემოაღნიშნული ფაქტების, კერძოდ, ჟურნალისტ ზაზა დავითაიასა და ორგანიზაციების „თავისუფალი ზონისა“ და „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამოძიება, ინციდენტებში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობრივ ქმედებას უნდა მიეცეს სათანადო კვალიფიკაცია სამართალდამცავი ორგანოების მიერ და გამოძიება ჩატარდეს მოკლედ ვადებში.
ამასთან, სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, მათი ვალდებულების შესაბამისად, მოსალოდნელ ინციდენტთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის თაობაზე, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოახდინოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ საფუძველზე, ასევე განსხვავებული მოსაზრებების გამო შუღლი ყოვლად მიუღებელია:
„მინდა გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ინციდენტს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას, რაც დემოკრატიული ქვეყნისა და საზოგადოების პრინციპებს სრულად ეწინააღმდეგება. პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ საფუძველზე, ასევე განსხვავებული მოსაზრებების გამო შუღლი ყოვლად მიუღებელია. ამ სისტემას ვამსხვრევდით წლების განმავლობაში და მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა ხდებოდეს, მით უფრო დაუშვებელია ახალგაზრდების ჩაბმა პოლიტიკურ დაპირისპირებაში.
იმედი მაქვს, აღნიშნულ ფაქტს სწრაფად მოყვება სათანადო რეაგირება და სამართალდამცავი სტრუქტურები სამართლიანად გამოიძიებს მომხდარს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ხოლო პოლიტიკოსებმა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის“.