myrights.ge
ზურაბ კიწმარიშვილის შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„2014 წლის 29 სექტემბერს, თბილისის პროკურატურას მიმართა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა შუამდგომლობით დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისა და საქმის მასალების გაცნობის შესახებ. გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოცემულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით:
მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ პირის ცნობის ორ წინაპირობას: 1) ახლო ნათესაური კავშირი გარდაცვლილთან და 2) გარდაცვლილის მიმართ მესამე პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, პირის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისათვის აუცილებელია დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენა, რის გარეშეც კანონი პირის დაზარალებულად ცნობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
გამოძიების ამ ეტაპზე საქმეზე მოპოვებული ასეულობით მოწმეთა ჩვენებებზე, დოკუმენტაციაზე, ვიდეოჩანაწერებზე, ნივთიერ მტკიცებულებებზე და ათეულობით ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით არ არის გამოკვეთილი რაიმე გარემოება, რაც მოგვცემდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება გამოწვეულია სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედებით. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი ზურაბ კიწმარიშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისთვის, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში ვერ დაკმაყოფილდება. აღნიშნული კანონით დადგენილ ვადაში განემარტა გარდაცვლილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს.
ამასთან, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ე.კიწმარიშვილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს მიეცეს საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა, რითაც მისთვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი იქნება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებები. საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ ასევე ზურაბ კიწმარიშვილის ადვოკატს და ასევე მის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტებს.
აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ე.კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე და გეგმავს საქმეზე მიმდინარე ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში მოახდინოს საქმის მასალების და გამოძიების შედეგების გასაჯაროება“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა პროკურატურას მისი ძმის საქმეში დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა. როგორც ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, დაზარალებულად ცნობის შემთხვევაში საშუალება მიეცემა სრულად გაეცნოს საქმის დეტალებსა და გამოძიების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას.
მისივე თქმით, აქამდე ოჯახი გამოძიებისგან მხოლოდ მწირ ინფორმაციას იღებდა:
„ჩვენ შეთანხმება გვქონდა, რომ ნებისმიერ საკითხზე შეგვეძლო შევხვედროდით ერთმანეთს, ჩვენი აზრი მიგვეწოდებინა და ეს ასეც იყო. მაგრამ, ჩვენ გვქონდა მწირი ინფორმაცია, რის გამოც მეტი აქტივობის საშუალება არ გვქონდა“.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი მისსავე ავტოფარეხში, გარდაცვლილი იპოვნეს. კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.