myrights.ge
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს შესახებ ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია გამოქვეყნდა. მასში სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული შენიშვნები არის დაფიქსირებული. რეზოლუციის ტექსტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები, კერძოდ ბაჩო ახალაიას პროცესი და მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების საქმე.
„ასამბლეა მიესალმება 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას. მიუხედავად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო გარემოსი, დემოკრატიული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იყო. ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად საქართველოში ამ არჩევნებმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური ძალაუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა. ეს მიღწევა ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მივულოცოთ და ეს უნდა იყოს მაგალითი მთელი რეგიონისთვის.
ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებას თან სდევდა პოლარიზებული და ანტაგონისტური პოლიტიკური კლიმატი. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილისა და კოალიცია „ქართული ოცნების: მთავრობის კოაბიტაციის პერიოდში. ვწუხვართ იმის გამო, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს დაძაბულობა ბევრ პოზიტიურ ცვლილებას ჩრდილავდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათასობით მათ აქტივისტსა და მხარდამჭერს რეგულარულად კითხავდნენ და დაშინების მეთოდსაც იყენებდნენ. მთავარი ოპოზიციიური პარტიის წარმომადგენლებზე კი, მათ შორის პარლამენტის წევრებზე, განხორციელდა ძალადობრივი თავდასხმა.
აღსანიშნავია, რომ ორწლიანი მმართველობის შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების თითქმის ყველა მაღალჩინოსანი დაკავებულია, წაყენებული აქვთ ბრალდებები ან მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. დაკავებულნი არიან საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაია და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავიდ კეზერაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს.
ძლიერი და გამოცდილი ოპოზიციის გამოჩენამ, კარგად ორგანიზებულ მმართველ კოალიციასთან ერთად გააძლიერა პარლამენტისა და პარლამენტარიზმის როლი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში. მეტიც, ბევრ შემთხვევაში პარლამენტმა მიაღწია კონსესუსს ძირითადი პოლიტიკური გამოწვევების გადაჭრისას.
ასამბლეა მიიჩნევს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება და ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ძირითადი ევოლუცია.
ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც დაემყარება ფართო კონსესუსს და, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუციების პლუარისტულ ხასიათს.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას განხილულ იყოს ყველა პროპორციულ-რეგიონული საარჩევნო სისტემა, ღია სიების საფუძველზე, რომელზეც შეთანხმდება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების უმეტესობა. ასამბლეა მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს ცვლილებების განხორციელებისგან სადავო ან განხეთქილების ენით, ან იმ მეთოდით, რაც დაარღვევს ქვეყანაში ნებისმიერი უმცირესობის უფლებებს
მივესალმებით კონსტიტუციური რეფორმებისთვის სახელმწიფო კომისიის შექმნას და რეკომენდაციას უწევს, რომ კონსტიტიციური რეფორმების სახელმწიფო კომისიამ მჭიდროდ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
ასამბლეა კიდევ ერთხელ ახსენებს საკუთარ შეშფოთებას საქართველოში მართლმსაჯულებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მივესალმებით ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტის მიღებას სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემისთვის, რომლის მიზანიც სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. მივესალმებით ნიშნებს, რომ სასამართლო ახლა უფრო დამოუკიდებლად მუშაობს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სენსიტიური სასამართლო საქმის სამართალწარმოებისას, მათ შორის ხელისუფლების ყოფილი წევრების, გამოვლინდა ხარვეზები, რომელიც უნდა გადაიჭრას. წუხილით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მიაღწია კონსეუსს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრის არჩევანისას. ამიტომ საჭიროა სასამართლო სისტემის, მათ შორის პროკურატურის შემდგომი რეფორმების გატარება.
ასამბლეა მოუწოდებს პარლამენტს, შესამჩნევად შეამციროს სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდი მოსამართლეებისთვის, რომლებიც უვდადოდ უნდა დაინიშნონ, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროპული სტანდარტები. ასამბლეა ასევე მოუწოდებს პარლამენტს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებების შეტანისკენ ასეთი დანაშაულებებისთვის შესაძლო თავისუფლების აღკვეთის აცილების მიზნით.
ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში წინასწარი პატიმრობის ფართოდ გამოყენებასთან დაკავშირებით. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც არსებობს აშკარა მიმალვის, მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევის მცდელობა ან სერიოზული რისკი, რომ პიროვნება ჩაიდენს სერიოზულ დანაშაულს ან საფრთხეს უქმნის საზოგადოებს წესრიგს და ეს არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს მკაფიო ინსტრუქციები პროკურატურასა და სასამართლოებისთვის, რათა უზრუნველყოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნების სრული დაცვა და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებთან სრული თავსებადობა წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერებისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახის წევრების წევრების საკუთრების დაყადაღების ფართო გამოყენებასთან დაკავშირებით ისეთი სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებიც არ შეიცავს ბრალდებებს უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულება მოწმეთა ჩვენებებისა და ნაფიცმსაჯულთა შესახებ“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 1 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის თაობაზე კომენტარი გააკეთა:
„ევროსაბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და ჩვენ, როდესაც გადავწყვიტეთ ევროპული ინტეგრაცია, ყველა დაწესებულებაში, ყველა უწყებაში ღირსეულად უნდა წარმოვჩინდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეზოლუციას ყველა კარგად გავეცნობით, სათანადო დასკვნებს გამოვიტანთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ დემოკრატიის ხარისხს. ევროპა გვეუბნება იმას, რომ ძალიან სერიოზული მიღწევები აქვს ქვეყანას, ძალიან ბევრი სწორი რეფორმაა დაწყებული. ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ახალი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში - მედიათავისუფლება, ბიზნესთავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლებები, გაცილებით თავისუფალია გარემო, მაგრამ გასაკეთებელი არის კიდევ ბევრი რამ. ჩვენ ვიცით ეს, მაგალითად სასამართლო რეფორმის მიმართულებით ჩვენთან ერთი ტალღა დასრულდა, მეორე ტალღა დაიწყება მალე. ვენეციის კომისიაში მთელი რიგი საკანომდებლო აქტებია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ ყველა იმ კითხვაზე, თუ წუხილზე, რაც ამ რეზოლუციაშია გამოთქმული დამაჯერებელი პასუხი იქნება გაცემული, დამაჯერებელი პასუხი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და არა მათთვის, ვინც ცდილობს ახლა ამ რეზოლუციას ამოეფაროს და რაიმეთი საკუთრი ბოროტმოქმედება თუ შეცდომები წარსულში გაამართლოს. ეს რეზოლუცია ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს იმუშაოს უკეთ და არ ლაპარაკობს იმაზე, რომ წინა ხელისუფლება იყო კარგი, ყველაფერი კარგად ჩაიდინეს, რაც ჩაიდინეს და ესე იგი მათ ჩამოერეცხათ ყველა ბრალი. პირიქითაა ეს ყველაფერი. ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ თუ ვინმე დამნაშავეა, დაისაჯოს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით, ყოველგვარი გადამეტების და რაიმე ხარვეზების გარეშე და ეს რა თქმა უნდა ასეც იქნება“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიღებულ რეზოლუციას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარ სახელმწიფოსთან ბრძოლის გაგრძელებად აფასებს:
"ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია. აქ ძირითადად, გამოხატულია პარტიების აზრი. მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობა" არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი და მათ გამოხატეს სოლიდარობა იმ საკითხებისადმი, რომელიც დააყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ". აქ რეალურად აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი არ არსებობს. თქვენ თვითონ ნახეთ რეზოლუციის ძირითადი ტექსტი და იქ არის მხოლოდ პოზიტივზე საუბარი. თუ თქვენ მიგაჩნიათ, "ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ის ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა ახალაიას, სააკაშვილის თაობაზე, საგანგაშოა, ეს მე არ მიმაჩნია საგანგაშოდ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა "ნაციონალური მოძრაობისა", ებრძოლოს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ მოსახლეობას. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა. აქ ახალი არაფერი არ არის“.