myrights.ge
სახალხო დამცველი ქუთაისში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმაურება და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, რომ შემთხვევის სწრაფი ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება უზრუნველყონ. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მიუკერძოებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობას ქვეყანაში.
„2014 წლის 3 ოქტომბერს, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე პოლიციასა და მირზა გოჩუაძეს შორის მომხდარ შემთხვევაზე, რასაც გოჩუაძის გარდაცვალება მოჰყვა, სახალხო დამცველმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმის შესწავლა დაიწყო. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დააკავეს აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი.
სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა უზრუნველყონ შემთხვევის სწრაფი ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იქნება გამოძიების მონიტორინგის პროცესში. ამასთან, ამ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მთავარი პროკურატურა უახლოეს დღეებში საზოგადოებას მიაწოდებს სრულ ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მიუკერძოებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობას ქვეყანაში“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა, თუმცა მას შესაბამისი უწყებების მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა:
„მინდა, მივუსამძიმრო იმ ოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარალდა. მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ. ეს პოლიციელი დაკავებულია და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე“.
ამასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას:
„შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.
ამ დროისათვის პოლიციელი საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერდა“.
თავის მხრივ, პროკურატურამ მ. ბუჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავა:
„ამ ეტაპზე საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
ასევე, მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. კერძოდ, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მ.ბუჩუაძის სიკვდილის მიზეზის გასასაზღვრად და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას პროკურატურა უახლოეს დღეებში გაავრცელებს“.
მოკლული 22 წლის მირზა გოჩუაძის დედის განცხადებით, მისი შვილი სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა: „ჩემი შვილი თურქეთში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდა. ორი დღის წინ ჩამოვიდა სახლში და ეს უბედური შემთხვევა მოხდა“.