myrights.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლებისთვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგი ტარდება. შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს თითოეული რეგიონის და დედაქალაქის საპოლიციო დანაყოფებიდან შეირჩა ორ-ორი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, რომლებიც ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგებს გადიან. დღევანდელ ტრენინგში შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას.
„ტრენინგების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მართავენ. ტრენინგები მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გადამზადებას გადიან, თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ზედამხედველობა და სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება დაევალებათ. უბნის ინსპექტორებს ასევე დაევალებათ არა მარტო კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება, არამედ კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და საერთო ანალიზი. აღნიშნულ საქმიანობას შს მინისტრის ბრძანებით 2014 წელს შექმნილი „ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისია“ გაუწევს კოორდინაციას.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთი ღონისძიება ტარდება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მუშაობის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, უფრო სრულყოფილი გახდა შემაკავებელი ორდერის შევსების მექანიზმი, რაც გამოიხატება იმაში, რომ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს მიეცათ აღნიშნული დოკუმენტის შევსების უფლებამოსილება იმ ტერიტორიულ ერთეულებშიც, სადაც მოქმედებს საპატრულო პოლიციის სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის ეფექტურად შესასრულებლად სამინისტრო აგრძელებს ნაყოფიერ მუშაობას. პერმანენტულად იმართება შეხვედრები და დისკუსიები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, ოჯახური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. ოჯახური ძალადობა არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური შეურაცხყოფა, რომელიც მოძალადის მიერ სხვაზე (მსხვერპლზე) კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს. ფიზიკური შეურაცხყოფა მოიცავს ქმედებას ცემითა და გარე სამყაროდან იზოლირებით დაწყებული, პარტნიორის საკუთრების ხელყოფით დამთავრებული; სექსუალური შეურაცხყოფა არის - გაუპატიურება, ქალისადმი, როგორც საგნისადმი მოპყრობა, ცემის შემდეგ სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობა; ფსიქოლოგიური - განუწყვეტელი კრიტიკა, აბუჩად აგდება, ეჭვიანობა, საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხში ერთად გასვლის აკრძალვა, ბავშვებით მანიპულირება, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა; ეკონომიკური - ეკონომიკური მონოპოლია საოჯახო ფინანსებზე, საკუთრებაზე, მუდმივი კონტროლი ეკონომიკური ზეგავლენის შენარჩუნების მიზნით.
ოჯახური ძალადობა ხშირ შემთხვეევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება სასიკვდილო შედეგით დასრულდეს. ძალადობა უმეტესწილად ღარიბ ოჯახებში იჩენს თავს, რასაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაც უწყობს ხელს. ცნობილია, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად ქალები და ბავშვები ხდებიან. იმის მიუხედავად, უშუალოდ ბავშვზეა მიმართული ქმედება თუ ოჯახის სხვა წევრზე, ოჯახში ძალადობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში ოჯახური ძალადობის თემაზე ხმამაღლა ნაკლებად საუბრობენ, თავად მსხვერპლი ვერ ბედავს ტკივილის სხვასთან გაზიარებას. თანაც, ხშირ შემთხვევებში არც იცის, ვის შეიძლება მიმართოს დახმარებისთვის. შსს-ს სტატისტიკა რეალურ სიტუაციას ნაკლებად ასახავს, მიზეზი ისაა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ სამართალდამცავებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. უკიდურეს შემთხვევად კი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის შექმნილი რეალური საფრთხე იგულისხმება. ასევე, მსხვერპლნი ძირითადად ვერ აცნობიერებენ, რომ მათზე ძალადობენ.