„პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“
myrights.ge
თენგიზ ერისთავისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე პროკურატურის განცხადებას myrights.ge უცვლელად გთვაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ თენგიზ ერისთავს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ საგამოძიებო პროცესი დასკვნით ეტაპზეა, დაკითხულია მოწმეები, ჩატარებულია სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა და ბრალდებული ამ ეტაპზე ვეღარ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს გამოძიების ობიექტურად წარმართვას. ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ ბრალდებულს ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი.
თენგიზ ერისთავი სამართალდამცავებმა 2014 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას შვიდი მთლიანი აბი და 24 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. იგი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით იქნა მიცემული და მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აღკვეთი ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება.
ასევე გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პროკურატურაში თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თენგიზ ერისთავი საზოგადოებას და მედიას მისი დაკავების შემდეგ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას. როგორც ერისთავმა აღნიშნა, მისი გირაოთი გათავისუფლებაში დიდი წვლილი მიუძღვის მედიის მხრიდან მისი საქმის აქტიურად გაშუქებას და ასევე საზოგადოების მხარდაჭერას. ერისთავის თქმით, იგი სიმართლის დასადასტურებლად ბოლომდე იბრძოლებს და გამოძიებასთან აქტიურად ითანამშრომლებს:
„საზოგადოება და მედია გვერდით დამიდგა, რისთისაც მას მადლობას ვუხდი. ვიბრძოლებ ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. იმ პოლიციელების სახელები და გვარები ვინც ნარკოტიკი ჩამიდო არ ვიცი, მაგრამ იმედია ყველაფერი გაირკვევა და სათანადოდ დაისჯებიან ამის ჩამდენები, რათა იგივე აღარ განმეორდეს, „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“ ვითარება რომ არ იყოს ქვეყანაში“.